მიკროგრანტების პროგრამის ბიუჯეტი 40 მილიონამდე, ერთჯერადი დაფინანსების მოცულობა კი 30 000 ლარით გაიზარდა
მიკროგრანტების პროგრამის ბიუჯეტი 40 მილიონამდე, ერთჯერადი დაფინანსების მოცულობა კი 30 000 ლარით გაიზარდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, მიკროგრანტების პროგრამის ბიუჯეტი 40 მილიონამდე გაიზარდა.

მისივე თქმით, ასევე გაიზარდა ერთჯერადი დაფინანსების მოცულობაც. ამასთან, როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, მიკროგრანტებისპროგრამა მნიშვნელოვანია, რადგან მოქალაქეებს საშუალება ეძლევათ, წამოიწყონ ბიზნესი, რაშიც სახელმწიფო მათ მხარს დაუჭერს.

„ივნისში დავაანონსეთ ანტიკრიზისული ღონისძიებების ერთ-ერთი კომპონენტი, მიკროგრანტების პროგრამა, რომელიც „აწარმოე საქართველოს“ ერთ-ერთი კომპონენტია. ეს ბოლო წლების განმავლობაში ძალიან პოპულარული და ეფექტური იყო. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ამ პროგრამით ისარგებლა ცხრა ათას ოთხასმა საქართველოს მოქალაქემ. ამ პროგრამის ბიუჯეტი გავზარდეთ 40 მილიონამდე, ასევე გავზარდეთ ერთჯერადი დაფინანსების მოცულობაც, იყო 20 000 ლარი და დღეს გახდება 30 000 ლარი. ეს არის გრანტის სახით ჩვენი მოქალაქეების დახმარება, რომლებსაც შეუძლიათ გადადგან პირველი ნაბიჯი, დაიწყონ საკუთარი ბიზნესი, საკუთარი საქმე. ეს არის სახელმწიფოს მხარდაჭერა და დღეს ეკონომიკური კრიზისის პირობებში, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება.

ამ პროგრამის შესახებ სრულ ინფორმაციას მოქალაქეები მათსავე ქალაქებსა და რეგიონებში არსებულ საზოგადოებრივ ცენტრებში ან იუსტიციის სახლებში მიიღებენ. ყველამ ერთხმად მხარი უნდა დავუჭიროთ ინიციატივას, რათა ადამიანმა ბიზნესში პირველი ნაბიჯი გადადგას და საკუთარ მომავალზე პასუხისმგებლობა აიღოს. პროგრამებისთვის განაცხადების მიღება ხუთი ოქტომბრიდან დაიწყება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე.