მიკოლა კოვტალიუკი - კორეელებმა ტრანსფერში ფული გადაიხადეს და კონტრაქტი გამიფორმეს, მაგრამ „დილა“ მაინც არ მიშვებს
„კორეელებმა გორის „დილას“ ჩემს ტრანსფერში ფული გადაუხადეს, კონტრაქტი გამიფორმეს და „დილა“ მაინც არ მიშვებს. ჩემთვის გაუგებარია რა ხდება“, – ამბობს პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში მიკოლა კოვტალიუკი, რომელსაც სამხრეთ კორეაში ველაპარაკეთ.
გორელთა ხელმძღვანელობა დიდხანს იმედოვნებდა, რომ 23 წლის კოვტალიუკს შეინარჩუნებდა, მაგრამ უკრაინელმა ლეგიონერმა სამხრეთ კორეის რანგით მეორე ლიგის „ანიანში“ გადასვლა ამჯობინა.
ამის მიუხედავად, მას ჯერ თამაშის უფლება არ მიუღია. კოვტალიუკმა პირველ არხთან ამის მიზეზებზე ილაპარაკა – „სამხრეთ კორეაში ჩამოვედი, სეზონი დაიწყო და პირველ ტურში უნდა მეთამაშა. მაგრამ ამის უფლება არ მქონდა, რადგან „დილას“ ადმინისტრაციამ გათავისუფლების ფურცელი არ გამოაგზავნა. საქმე ისაა, რომ კლუბი ითხოვს ჩემგან ხელწერილს, რომ მათთან ფინანსური პრეტენზიები არ მაქვს. ამაზე კი უარი ვუთხარი“.
უკრაინელი თავდამსხმელი კომენტარს ყოფილ კლუბთან წარმოქმნილ ფინანსურ დავაზეც აკეთებს – „პრობლემა იმიტომ წარმოიქმნა, რომ „დილას“ ბოლო 2,5 თვის ხელფასი არ ჩაურიცხავს. როდესაც თანხის გასტუმრება მოვითხოვე, მითხრეს, რომ მე დასჯილი ვყოფილვარ და ამის გამო ფული იქით უნდა გადავიხადო, მანამდე კი გათავისუფლების ფურცელს არ მომცემენ. მას შემდეგ საინტერესო ამბები მოხდა – ყველა მათგანმა, ვისაც კლუბში ეს საკითხი ეხება, ტელეფონზე დამბლოკა და ვერავის ველაპარაკები. გათავისუფლების ფურცელს ვინ ჩივის, პასუხს არ მცემენ, რატომ დამსაჯეს და ფული რატომ უნდ გადავიხადო, როდესაც კორეელებმა ჩემში თანხა ისედაც გადაიხადეს. კორეელები კი გაგიჟებულები არიან და ფიქრობენ, რომ მოატყუეს. „დილაში“ ტრავმირებულსაც კი მითამაშია, ლამის ყველა თამაშში გოლი გამქონდა და მიმაჩნია, რომ გუნდს ვეხმარებოდი. მითხარით, რა დავაშავე, რომ ასე მექცევიან?“
კოვტალიუკი საქართველოში 2017 წელს ჩამოვიდა და გამოდიოდა ფოთის კოლხეთში, თბილისის დინამოში და გორის დილაში. 2018 წელს, კოვტალიუკმა სეზონში 21 გოლი გაიტანა, გიორგი გაბედავა და ბუდუ ზივზივაძეს (22-22) მხოლოდ ერთი მაჩვენებლით ჩამორჩა და ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
პირველი არხი ცდილობს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გორის „დილას“ დაუკავშირდეს და კლუბის პოზიციაც შემოგთავაზოთ.