მიხეილ სარჯველაძე - სახელმწიფოს ხელთ აქვს ყველა ბერკეტი, რათა ნინოწმინდის პანსიონში ბავშვების უსაფრთხოება მაქსიმალურად იყოს უზრუნველყოფილი
მიხეილ სარჯველაძე - სახელმწიფოს ხელთ აქვს ყველა ბერკეტი, რათა ნინოწმინდის პანსიონში ბავშვების უსაფრთხოება მაქსიმალურად იყოს უზრუნველყოფილი

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძე პლენარულ სხდომაზე ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

მისი თქმით, სახელმწიფოს ხელთ აქვს ყველა ბერკეტი, რათა ბავშვების უსაფრთხოება მაქსიმალურად იყოს უზრუნველყოფილი.

„ის, რაც ბოლო პერიოდის განმავლობაში ვიხილეთ, არის სრულიად არანორმალური და დაუშვებელი რამ. ჩვენ ყველანი პასუხისმგებელნი ვართ იმაზე, რაც მოხდა და საუბარი მეტ ან ნაკლებ ბრალეულობაზე არის სრულიად მეორეხარისხოვანი“,- განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მისი ინფორმაციით, ახლა ვითარება არის უკეთესი, ვიდრე ორი კვირის წინ იყო, რამდენადაც კითხვის ნიშნები ბავშვების უსაფრთხოებასა და მათ ნორმალურ პირობებში ყოფნასთან დაკავშირებით აღარ არსებობს.

„დასაფასებელია, რომ სამოქალაქო საზოგადოებამ, სასამართლომ, სახალხო დამცველმა – ყველამ თავისი მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ამ საქმეში, რომლის შედეგადაც, პროცესები მოექცა ნორმალურ კალაპოტში, მაგრამ ეს არ გვაძლევს მოდუნების საფუძველს. ბევრი რამ ბოლომდე იქნება მისაყვანი. ეს ის სფეროა, სადაც კომპრომისი არის გაუმართლებელი“, -აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.