მიხეილ ყაველაშვილი რაგბის კავშირში მიმდინარე მოვლენებზე - მსგავსი კონფლიქტები ყველას აზარალებს
მიხეილ ყაველაშვილი რაგბის კავშირში მიმდინარე მოვლენებზე - მსგავსი კონფლიქტები ყველას აზარალებს

რაგბის კავშირის პრეზიდენტად 30 დეკემბერს ირაკლი აბუსერიძე აირჩიეს, თუმცა ის საჯარო რეესტრში ჯერაც ვერ დარეგისტრირდა. ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ ყაველაშვილმა პირველ არხთან ისაუბრა.

„ამ კონკრეტულ საკითხში ალბათ სამართლებრივ მხარეს უნდა დაველოდოთ. დეტალები არ ვიცი. პარლამენტში ეს საკითხი არ განხილულა, თუმცა პარლამენტს და ჩვენს კომიტეტს პრიორიტეტებში გვაქვს განსაზღვრული. ეს მარტო რაგბის კავშირს არ ეხება. სხვადასხვა ფედერაციებში იყო კონფლიქტები. ძირითადად წესდებასთან და გამჭვირვალობასთან დაკავშირებით.

ევროკავშირისა და ევროსაბჭოს მაგალითებზე შევიმუშავეთ მმართველობის კოდექსი. საკმაოდ კარგი დოკუმენტია. 2021 წელს ვგეგმავთ ფედერაციებთან და სპორტულ კლუბებთან შეხვედრას და ამ კოდექსის წარმოდგენას. თუ მოიწონებენ და ყველა აღიარებს, ეს კიდექსი მოგვცემს საშუალებას, რომ ფედერაციებში მსგავსი კონფლიქტები აღარ იყოს. როგორც ფედერაციის მუშაკებს, წარმომადგენლებს ასევე ყველას ეცოდინება თუ რა პროცესები მიმდინარეობს ფედერაციაში. გამჭვირვალე, სამართლიანი და კონკურენტუნარიანი არჩევნები ჩატარდება და იმის შესაძლებლობა აღარ ექნებათ, რომ მანიპულაცია მოახდინონ სხვადასხვა წევრებმა სხვადასხვა კანდიდატებზე.“

მიხეილ ყაველაშვილმა რაგბის კავშირში მიმდინარე მოვლენებზე უფრო კონკრეტულად ილაპარაკა:

„გვინდა, რომ წარმატებული იყოს განსაკუთრებით სპორტის ის სახეობები, რომელიც ჩვენს გულშემატკივარს ძალიან უყვარს. მსგავსი კონფლიქტები ყველას აზარალებს. არა მარტო იმ სპორტის სახეობას, არამედ, პირველ რიგში გულშემატკივარს. სახელმწიფო ვალდებულია, რომ რეაგირება მოახდინოს. მიგვაჩნია, რომ ყველაზე კარგი რეაგირება ზუსტად ამ კოდექსის მიღებაა.“