მიხეილ ყაველაშვილი - კლუბები უფრო მეტად უნდა იყოს განვითარებული, რომ ნაკლები იყოს  ცდუნება
მიხეილ ყაველაშვილი - კლუბები უფრო მეტად უნდა იყოს განვითარებული, რომ ნაკლები იყოს ცდუნება

საფეხბურთო მატჩების ჩაწყობის ფაქტზე უახლოეს მომავალში, საკომიტეტო მოსმენა გვექნება, მოკვლევას ჩავატარებთ და დეტალურად გავიგებთ, ამ მიმართულებით რა ხდება, – ამის შესახებ პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ ყაველაშვილმა საფეხბურთო მატჩების ჩაწყობის ფაქტზე მოქმედი და ყოფილი ფეხბურთელების დაკავების საქმეზე საუბრისას განაცხადა.

მიხეილ ყაველაშვილის თქმით, ფაქტის გამოვლენა იმაზე მიუთითებს, რომ პრობლემები უფრო ღრმად არის განსახილველი.

„ეს არ იყო პირველი დანაშაული, თუმცა საკმაოდ მავნებელია ქვეყნისა და ფეხბურთისთვის. ზოგადად, ეს სენია მსოფლიო სპორტში და ამ მოვლენას ყველა ებრძვის. ფეხბურთის ასოციაციათა საერთაშორისო ფედერაციას (ფიფა) და ევროპული ფეხბურთის ასოციაციების კავშირს (უეფა) ინტერპოლთან კონტრაქტი აქვს გაფორმებული, რათა სპორტის ამ მავნე და დამაზიანებელ მოვლენაზე რეაგირება მყისიერად მოხდეს.

რაც შეეხება საქართველოს, ეს ფაქტი რომ გამოვლინდა, იმაზე მიუთითებს, რომ პრობლემები უფრო ღრმად არის განსახილველი. უახლოეს მომავალში, ამ თემაზე საკომიტეტო მოსმენა გვექნება, მოკვლევას ჩავატარებთ და დეტალურად გავიგებთ, ამ მიმართულებით რა ხდება.
სამწუხაროდ, ადამიანის ცდუნება კორუფციის თვალსაზრისით დიდია, აზიური ტოტალიზატორები არიან წყარო მანიპულაციების:, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ კანონმდებლობა უნდა გამკაცრდეს, ასევე აუცილებელია, ქართული საკლუბო ფეხბურთის განვითარებაზე საუბარი.

„სახელმწიფო არც თუ უმნიშვნელო სახსრებით აფინანსებს ქართულ ფეხბურთს და მნიშვნელოვანია, რომ ეს სახსრები უფრო მეტად იყოს ეფექტურად გამოყენებული. ეს ეფექტიანობა იმაში გამოიხატება, რომ საკლუბო ფეხბურთი, კლუბები უფრო მეტად იყოს განვითარებული, რომ რაც შეიძლება ნაკლები იყოს იმის ცდუნება და მცდელობა, რომ ფეხბურთელები ასეთ გზებს დაადგენ.
აუცილებელია, ეს მიმართულებები სისხლის სამართლის თვალსაზრისით გამკაცრდეს“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

სუს-მა საფეხბურთო მატჩების ჩაწყობის ფაქტზე რვა მოქმედი და სამი ყოფილი ფეხბურთელი დააკავა.