მიხეილ ყაველაშვილი - კანონის წინაშე ყველა თანასწორია, რაც ყველაზე კარგად დასავლელ პარტნიორებს ესმით
მიხეილ ყაველაშვილი - კანონის წინაშე ყველა თანასწორია, რაც ყველაზე კარგად დასავლელ პარტნიორებს ესმით

პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი აცხადებს, რომ მმართველი გუნდისთვის ოპოზიციის მოთხოვნები მიუღებელია, თუმცა პროტესტის გამოხატვის უფლება ყველას აქვს.

ამასთან, როგორც ყაველაშვილი ამბობს, კანონის წინაშე ყველა თანასწორია, რაც ყველაზე კარგად დასავლელმა პარტნიორებმა იციან.

„ყველა ადამიანს აქვს გამოხატვის თავისუფლება. ოპოზიციის მოთხოვნები მიუღებელია მმართველი გუნდისთვის. მკაფიოდ გვაქვს გაცხადებული, რომ რიგგარეშე არჩევნები იმ შემთხვევაში დაინიშნება, თუ რაიმე სახით დამტკიცდება, რომ არჩევნები გაყალბდა „ქართული ოცნების” სასარგებლოდ. ნიკა მელიას პროვოკაციები მიზნად ისახავდა, რომ სახელმწიფო ეიძულებინა, დაპატიმრებულიყო. სახელმწიფომ ყველა დასაშვები საშუალება მისცა, გარეთ ყოფილიყო და პოლიტიკური საქმიანობა გაეგრძელებინა. ისინი არიან გაშიშვლებული, არ აქვთ არავითარი მხარდაჭერა მოსახლეობის და ალბათ, მოლაპარაკებული პროცესი იყო, რომ ამ აქტით როგორმე ოპოზიციას გააერთიანებდა, როგორმე დასავლეთის თვალში რაღაც დაღს დაასვამდა მმართველ ძალას.

პირველადი გამოხმაურება იყო, მაგრამ სიმართლეს ვერავინ გაექცევა. ადრე თუ გვიან ყველა სიმართლეს დავინახავთ. გამოჩნდა, რომ განცხადებების მიუხედავად, ყველა პარტნიორი ხვდება, თუ რაშია საქმე. ვინც არ უნდა იყოს, კანონის წინაშე ყველა თანასწორია და ეს ყველაზე კარგად დასავლელ პარტნიორებს ესმით, რადგან ნებისმიერი განვითარებული ქვეყანა ამაზე დგას. კანონი და სამართალია მთავარი საყრდენი ქვეყნის განვითარების. აქ გაშიშვლდა „ნაციონალური მოძრაობა” და ნიკა მელია“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.