მიხეილ სარჯველაძემ რუმინეთში, ბავშვთა მიმართ ძალადობის დასრულებისადმი მიძღვნილ რეგიონულ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა
მიხეილ სარჯველაძემ რუმინეთში, ბავშვთა მიმართ ძალადობის დასრულებისადმი მიძღვნილ რეგიონულ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ოფიციალური ვიზიტით რუმინეთში იმყოფებოდა.

მიხეილ სარჯველაძემ ბავშვთა მიმართ ძალადობის დასრულებისადმი მიძღვნილ რეგიონულ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიების მიზანი ბავშვთა უფლებების დასაცავად ქვეყნებს შორის გამოცდილების გაზიარება, საუკეთესო პრაქტიკების ჩამოყალიბება და ერთობლივი სტრატეგიების შემუშავებაა.

მათივე ცნობით, კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას მიხეილ სარჯველაძემ საქართველოს მიერ ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით გატარებულ რეფორმებზე ისაუბრა.

მიხეილ სარჯველაძის თქმით, როგორც გაერო-ს ბავშვის უფლებათა კონვენციის ხელმომწერი ქვეყანა, საქართველო ნერგავს ბავშვთა უფლებებზე მორგებულ და მტკიცებულებებზე დაფუძნებულ მიდგომებს, რომლებიც პრევენციისა და სწრაფი რეაგირების უზრუნველყოფისკენ არის მიმართული.

როგორც სარჯველაძემ აღნიშნა, გასული ათწლეულის განმავლობაში საქართველოში მნიშვნელოვნად გარდაიქმნა ბავშვთა დაცვის სისტემა და სრულად ორიენტირებული გახდა ოჯახურ გარემოზე, განხორციელდა დიდი ზომის ბავშვთა დაწესებულებების დეინსტიტუციონალიზაცია და გაძლიერდა უწყებათაშორისი კოორდინაცია.

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, 2019 წელს საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა ბავშვის უფლებათა კოდექსი, რომელიც აერთიანებს ბავშვთა უფლებების შესახებ კანონმდებლობას, კრძალავს ძალადობის ყველა ფორმას და პასუხობს ონლაინძალადობის მზარდ გამოწვევებს.

„რისკის ქვეშ მყოფი ბავშვების დროულად იდენტიფიცირებისა და დახმარების მიზნით, საქართველო აქტიურად მუშაობს სოციალური მუშაკების ინსტიტუციური გაძლიერების მიმართულებით. 2024 წელს მიღებული ცვლილებებით, გაფართოვდა სოციალური მუშაკების მანდატი. საქართველომ დანერგა ბავშვზე მორგებული, მრავალდისციპლინური და უწყებათაშორისი სერვისი – ბარნაჰუსის მოდელი, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს ბავშვთა დაცვისა და მართლმსაჯულების სპეციალისტებს. სამინისტროს ბაზაზე მოქმედი ეს ცენტრი უზრუნველყოფს ბავშვის საჭიროებებზე მორგებულ ინტერვიუებს, სამედიცინო და ფსიქოლოგიურ დახმარებას, ასევე საქმეების კოორდინირებულ მართვას ერთიან, უსაფრთხო და მხარდამჭერ გარემოში. ქვეყნის მასშტაბით, ფუნქციონირებს ბავშვთა სპეციალური ცხელი ხაზი, რომელიც სთავაზობს კონსულტაციას, გადაუდებელ რეაგირებასა და შესაბამის სერვისებზე გადამისამართებას. ფსიქოლოგიური დახმარება ხელმისაწვდომია როგორც ბავშვებისთვის, ისე მშობლებისთვის“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ბუქარესტში გამართულ მინისტერიალში, მიხეილ სარჯველაძესთან ერთად, მონაწილეობდა ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ნიკო თათულაშვილი.