მიხეილ სარჯველაძე - ყველა, ვინც პროცესში იქნება ჩართული, მკურნალობით უნდა იყოს დაკავებული და არა მკურნალობის ნიღბის ქვეშ საპირისპირო საქმეს აკეთებდეს, ლეგალურად აწვდიდეს ნარკოტიკს ადამიანს
რთული თემა არის სტატისტიკა. მაგალითად, გვეუბნებიან, რომ ზიანის შემცირებისთვის აუცილებელია კონფიდენციალურობის დაცვა, ანუ სახელმწფოს არავითარ ინფორმციაზე არ უნდა მიუწვდებოდეს ხელი. ესეც ძალიან რთული ამბავია, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა“ განაცხადა.
სარჯველაძემ უპასუხა გადაცემის წამყვანის შეკითხვას: „როდესაც განკურნების ნაწილზე საუბრობთ, ამ შემთხვევაში, სტატისტიკაზე დაყრდნობით საუბრობთ და სტატისტიკის გათვალისწინებით აკეთებთ განცხადებებს, რომ განკურნებულთა ისეთი ხელშესახები მასშტაბი, მაჩვენებელი არ არის, როგორიც უნდა იყოს?“
„არასდროს მომხრე არ ვარ, როგორც იტყვიან, ყველას ერთ ქვაბში მოხარშვის. უნდა ვთქვათ, რომ ასევე ძალიან რთული თემა არის სტატისტიკა. პრინციპები და მიდგომები ემთხვევა კომერციულ ინტერესს. მაგალითად, გვეუბნებიან, რომ ზიანის შემცირებისთვის აუცილებელია კონფიდენციალურობის დაცვა, ანუ სახელმწფოს არავითარ ინფორმაციაზე ხელი არ მიუწვდებოდეს. ესეც ძალიან რთული ამბავია. პერსონალურ ინფორმაციაზე არ არის საუბარი. ანალიტიკური უნარებიც, ანალიტიკური შესაძლებლობებიც არის უკიდურესად შემცირებული, დასუსტებული. ჩვენ შეგვიძლია, ვისაუბროთ მხოლოდ სახელმწიფოსგან მართული დაწესებულებების მხრიდან ფუნქციის შესრულებაზე, სტატისტიკასა და მაჩვენებლებზე. რა თქმა უნდა, როდესაც პარალელურად არსებობს ის სივრცე, რომელსაც კერძო ჰქვია და ვერ აკონტროლებ, ბუნებრივია, ამის შესაძლებლობა რადიკალურად შემცირებულია. ამიტომ ესეც პრობლემაა. ამ თვალსაზრისითაც, სახელმწიფოს ხელში ყველაფერის თავმოყრა, იმავდროულად, როგორც პრემიერ-მინისტრმა სწორად შენიშნა, სახელმწიფოს მხრიდან პასუხისმგებლობის აღება ნიშნავს, რომ არსებითად გაიზრდება, უკეთესი გახდება იგივე ანალიტიკური შესაძლებლობები. სახელმწიფო და ყველა, ვინც ამ სექტორში, მკურნალობის პროცესში იქნება ჩართული, უნდა იყოს ორიენტირებული, მკურნალობით იყოს დაკავებული და არა მკურნალობის ნიღბის ქვეშ სრულიად საპირისპირო საქმეს აკეთებდეს, უბრალოდ, ლეგალურად აწვდიდეს ნარკოტიკს ადამიანს, რომელსაც მოხმარების სურვილი აქვს. მაქსიმალური ყურადღება უნდა იყოს იმაზე, რომ შედეგზე ორიენტირებული იყოს, ანუ ადამიანების განკურნებაზე. ეს არ არის მარტივი ამოცანა, ასივე პროცენტის შემთხვევაში არ არის შესაძლებელი მარტივად დაძლევა, მაგრამ ამბიციური გეგმის სახით სახელმწიფომ უნდა დაისახოს და ყველაფერი გააკეთოს შესასრულებლად. ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
კიდევ ერთ კითხვაზე, – „რამდენად შესწევს უნარი ჯანდაცვის სამინისტროს, ამდენად მნიშვნელოვანი ტვირთი იტვირთოს, როდესაც საუბარია ინფრასტრუქტურაზე, თუნდაც რამდენად არსებობს ადამიანური რესურსი?“ – სარჯველაძემ აღნიშნა:
„იმ დონის პრიორიტეტიზაციის პირობებში, როგორიც დღეს გვაქვს, ეს ხელგვეწიფება. სრულიად გაბედულად შემიძლია ვთქვა, რომ არ იქნება მარტივი გზა. ეს მოითხოვს საკმაოდ დიდ დროს, განსაკუთრებით, როცა მკურნალობის ეფექტიანობაზე გვექნება საუბარი. ერთ დღეში, ერთ კვირაში, თუნდაც ერთ თვეში მიღწევადი რეზულტატი არ არის, თუმცა ამ კალაპოტში პროცესების ჩაყენება შესაძლებელი და აუცილებლობით ნაკარნახევი ნაბიჯია. ამიტომ, რეფორმა სწორად გაცხადდა, სწორად დაიგეგმა და სწორად განხორციელდება“.