მიხეილ სარჯველაძე - ყველა სახელმწიფო უწყება მოწოდების სიმაღლეზეა, რომ არავის მიეცეს ქვეყანაში დესტაბილიზაციის შემოტანის შესაძლებლობა
მიხეილ სარჯველაძე - ყველა სახელმწიფო უწყება მოწოდების სიმაღლეზეა, რომ არავის მიეცეს ქვეყანაში დესტაბილიზაციის შემოტანის შესაძლებლობა

ყველა სახელმწიფო უწყება მოწოდების სიმაღლეზეა საიმისოდ, რომ არავის მიეცეს ქვეყანაში დესტაბილიზაციის შემოტანის შესაძლებლობა, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მოლოდინია, რომ არჩევნების მეორე ტურში „ქართული ოცნების“ კანდიდატები გაიმარჯვებენ.

„ჩემი მოლოდინია, რომ ყველა საარჩევნო ოლქში, სადაც არჩევნების მეორე ტურები იმართება, გამარჯვებას „ქართული ოცნების“ კანდიდატი მოახერხებს. ამის წინაპირობას პირველი ტურის შემდეგ არსებული პოლიტიკური ვითარება და კონფიგურაცია ქმნის. ეს კარგი წინაპირობაა გამარჯვებისთვის. ადვილად პროგნოზირებადია, თუ რა შეიძლება ვიხილოთ არჩევნების მეორე ტურის შემდეგ – ოპოზიცია გარკვეული დესტრუქციული ელემენტების შემოტანასა და მოსახლეობის მხარდაჭერის დეფიციტის დესტრუქციული ქმედებებით გადაფარვას შეეცდება. ყველა სახელმწიფო უწყება მოწოდების სიმაღლეზეა საიმისოდ, რომ არავის მიეცეს ქვეყანაში დესტაბილიზაციის შემოტანის შესაძლებლობა.

ცენტრალური ხელისუფლების მონაწილეობა და თანამშრომლობა მუნიციპალიტეტის წარმატების ხარისხისთვის მართლაც მნიშვნელოვანი ფაქტორია. გვჯერა, რომ რომელიღაც მუნიციპალიტეტში რომელიღაც ოპოზიციონერი კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში, მათი მხრიდან იქნება ინტერესი, შექმნან პოლიტიკური დაძაბულობა და არ იზრუნონ, რომ გადაჭრან მოსახლეობის პრობლემები. ოპოზიციური კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში, არც ერთი ოპოზიციური კანდიდატი – როგორც ხელისუფალი, მუნიციპალიტეტში არ ივარგებს. მუნიციპალიტეტის გამართული საქმიანობისათვის ძალიან მნიშვნელოვანია კარგი თანამშრომლობა ცენტრალურ ხელისუფლებასთან და ამაში გასაკვირი არაფერია. ოპოზიციის მხრიდან დიდი ინტერესია, რომ მუნიციპალური ხელისუფლება ორიენტირებული იყოს პოლიტიკური დებატისთვის, პოლიტიკური ხმაურისთვის, და არა პრობლემების გადაჭრაზე“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.