მიხეილ სარჯველაძე - ყველა გზა უნდა გამოინახოს, რომ მოლაპარაკება შედგეს, სამწუხაროდ, ერთი მხარის მზადყოფნა საკმარისი პირობა არ არის
მიხეილ სარჯველაძე - ყველა გზა უნდა გამოინახოს, რომ მოლაპარაკება შედგეს, სამწუხაროდ, ერთი მხარის მზადყოფნა საკმარისი პირობა არ არის

ყველა გზა უნდა გამოინახოს, რომ მოლაპარაკება რეალურად შედგეს. ყველა მხარე შედეგზე ორიენტირებული უნდა იყოს. თუმცა, სამწუხაროდ ერთი მხარის მზადყოფნა, ამ შემთხვევაში ხელისუფლების მზადყოფნა და რეალური განწყობა საკმარისი პირობა არ არის, რომ რეალურად მოლაპარაკება წარმატებული და შედეგიანი აღმოჩნდეს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

დეპუტატის თქმით, ოპოზიციის დიდი ნაწილი რეალურად განწყობილი არ არის მოლაპარაკებების შედეგიანად წარმართვისთვის.

„ისინი ყველა ხერხს იყენებენ, რომ მოლაპარაკება არ გაიმართოს ან გაიმართოს და უშედეგო აღმოჩნდეს. ამისთვის ხელოვნურად იქმნება ნებისმიერი სახის კრიზისი, რომელიც რეალურად ინსპირირებულია. რაც შეეხება კონკრეტულ პიროვნებებზე მითითებას, მგონია, რომ ცოტა ღია კარის მტვრევას ჰგავს, როდესაც ბატონი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მონაწილეობაზე და მისი შეწყვეტის მიზანშეწონილობაზეა საუბარი. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია არავითარი მიზეზი არ არსებობს ამგვარი მოწოდებისთვის. სააკაშვილის შემთხვევაში კი ნამდვილად საფუძვლიანია მოწოდება, რომ მან უნდა შეწყვიტოს საქართველოს პოლიტიკაში ჩარევა, ვინაიდან ეს ჩვენი სუვერენული ქვეყნის სამართლით დაუშვებელი დ მიუღებელია. ამ სამართლის ნორმების უგულვებელყოფით ადამიანები ცდილობენ პოლიტიკის განხორციელებას, რაც ზოგადად ჩვენი საზოგადოებისთვის მისაღები და დასაშვები არ არის. ის, რაც არავინ არ უნდა აკადროს საზოგადოებას და ამაზე რეაქციაც საზოგადოება უნდა ჰქონდეს“, – განაცხადა სარჯველაძემ.