მიხეილ სარჯველაძე - წლის ბოლომდე გვექნება რამდენიმე ასეული ფსიქიატრიული საწოლის დამატების შესაძლებლობა, რომლებიც თანამედროვე სტანდარტებთან სრულად თავსებადი იქნება
მიხეილ სარჯველაძე - წლის ბოლომდე გვექნება რამდენიმე ასეული ფსიქიატრიული საწოლის დამატების შესაძლებლობა, რომლებიც თანამედროვე სტანდარტებთან სრულად თავსებადი იქნება

წლის ბოლომდე გვექნება რამდენიმე ასეული ფსიქიატრიული საწოლის დამატების შესაძლებლობა, რომლებიც თანამედროვე სტანდარტებთან სრულად თავსებადი იქნება, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, ფსიქიატრიული სერვისების მიწოდების მიმართულებით სამინისტროს მნიშვნელოვანი გეგმები აქვს.

„ძალიან მნიშვნელოვანი გეგმები გვაქვს, უახლოეს მომავალში ვგეგმავთ, რამდენიმე დაწესებულებამ დაიწყოს ფუნქციონირება. წლის ბოლომდე ჩვენ გვექნება რამდენიმე ასეული ფსიქიატრიული საწოლის დამატების შესაძლებლობა, რომლებიც თანამედროვე სტანდარტებთან იქნება სრულად თავსებადი. არის რამდენიმე კონკრეტული, მათ შორის, სახელმწიფოს ინიციატივა, რომლის შედეგადაც დღეს არსებული გამოწვევის მასშტაბი არსებითად შემცირდება. ვფიქრობ, წლის ბოლომდე გარდატეხას შევიტანთ იმ საჭიროებებთან მიმართებაში, რომელიც სექტორში დღეს არსებობს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მიხეილ სარჯველაძემ ფსიქიატრიის მიმართულებით არსებულ საკადრო დეფიციტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამინისტროს გარკვეული გეგმები ამ მიმართულებითაც აქვს.

„ერთ-ერთი მწვავე და პრობლემური საკითხია ფსიქიატრების დეფიციტი, თუმცა აქაც გვაქვს გარკვეული გეგმები, როგორ ვითანამშრომლოთ და გავანაწილოთ ის რესურსები, რომლებიც დეფიციტურია. ვფიქრობ, მთავარი და უპირველესი ამოცანა დღეს უკავშირდება ინფრასტრუქტურას და აქ, როგორც მოგახსენეთ, კონკრეტული გეგმების განხორციელება არის დაწყებული“, – აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.