მიხეილ სარჯველაძე - ვგეგმავთ, ქვეყანაში შეიქმნას ბავშვთა ონკოლოგიის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კლინიკური ბაზა
ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამის პარალელურად, ვგეგმავთ, რომ ქვეყანაში ბავშვთა ონკოლოგიის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კლინიკური ბაზა შეიქმნას, – აღნიშნულის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატმა, მიხეილ სარჯველაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ.
მიხეილ სარჯველაძემ სახელმწიფოს მიერ გატარებულ რეფორმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ უკანასკნელი 12 წლის განმავლობაში ჯანდაცვის უფლების უზრუნველყოფის მიმართულებით რადიკალურად შეიცვალა ვითარება.
„იყო დრო, როცა ხელისუფლების წარმომადგენლები და მესვეურები ონკოლოგიური პაციენტის მკურნალობას შავ ხვრელში ფულის გადაყრას ეძახდნენ. საბედნიეროდ, 2012 წლის პირველი ოქტომბრიდან ეს ასე აღარ არის და საქართველოში, ძალიან დიდი იმედი მაქვს, ისეთი მიდგომები, რომ შავ ხვრელში ფულის გადაყრად თვლიდნენ ონკოლოგიური პაციენტის დახმარებას, აღარასდროს დაბრუნდება“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.