მიხეილ სარჯველაძე - ვფიქრობ, მცირედი კონსტრუქციულობა სავსებით საკმარისია, რათა შეთანხმება რეალურად მიღწეული იყოს
მიხეილ სარჯველაძე - ვფიქრობ, მცირედი კონსტრუქციულობა სავსებით საკმარისია, რათა შეთანხმება რეალურად მიღწეული იყოს

მოსალოდნელია, რომ უახლოესი დღეები იქნება დატვირთული იმ მიმართულებით, რასაც მოლაპარაკებების პროცესი ჰქვია, ვინაიდან მართლაც მცირე დრო რჩება იმ დრომდე, როდესაც გარკვეული მორალური ვალდებულება გვაქვს, რომ მოსინჯული გვქონდეს ყველა შესაძლებლობა ოპოზიციასთან მოლაპარაკებებისთვის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

„ვფიქრობ, ამ კუთხით მართლაც დატვირთული იქნება ეს რამდენიმე მომდევნო დღე. რაც შეეხება მოლაპარაკების პერსპექტივებს, ეს დიდწილად არა, ალბათ მთლიანად დამოკიდებულია ოპოზიციის განწყობაზე და კეთილსინდისიერებაზე მოსალაპარაკებელ საკითხებთან დაკავშირებით, რამდენად ექნებათ რეალურად განწყობა, რომ მოლაპარაკება შედგეს, თორემ შეუძლებელი, რა საკვირველია, არაფერია. ამ შემთხვევაში, ვფიქრობ, რომ მცირედი კონსტრუქციულობა სავსებით საკმარისია, რათა რეალურად მიღწეული იქნეს შეთანხმება. შეთანხმება გულისხმობს იმას, რაც რეალურად, მე ვფიქრობ, რომ უალტერნატივოა ამ შემთხვევაში – ეს გულისხმობს საგამოძიებო კომისიის მეშვეობით რეალურად საკითხის ერთხელ და სამუდამოდ გადაჭრას იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად არსებობს მიზეზი განცხადებისთვის, რომ არჩევნები გაყალბებულია, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ არჩევენები გაყალბებული არ არის, ამ შემთხვევაში უნდა შეწყდეს საუბარი ხელახალ არჩევნებზე“,- განაცხადა სარჯველაძემ.

მისივე თქმით, კომპრომისი არის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი მოლაპარაკებების პროცესში. როგორც სარჯველაძემ აღნიშნა, „შედეგიანი მოლაპარაკებების მისაღწევად კომპრომისი არის უალტერნატივოდ მნიშვნელოვანი რამ, სხვაგვარად ეს წარმოუდგენელია“.

„ერთი უნდა ითქვას, რომ კომპრომისიც გამართლებულია მთავარი კრიტერიუმის მიხედვით და მთავარი კრიტერიუმი გახლავთ ის, რომ ეს უნდა იყოს სწორი გადაწყვეტილება ნაკარნახევი ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან. ამ შემთხვევაში, უმიზეზოდ ხელახალი არჩევნების ჩატარება მხოლოდ იმიტომ, რომ ასე სურს ოპოზიციის გარკვეულ ნაწილს, ან პოლიტიკურ პარტიებს, ან რომელიმე კონკრეტულ ლიდერებს, რა თქმა უნდა, ეს იქნებოდა არათავსებადი ჩვენი ქვეყნის ინტერესებთან. ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში ჭეშმარიტებამ უნდა იზეიმოს, სწორმა პოზიციამ უნდა იზეიმოს. შესაბამისად, თუ მიზეზი არ არსებობს ხელახალი არჩევნების ჩატარებისთვის, რა თქმა უნდა, ასეთ შემთხვევაში ამაზე საუბარს უბრალოდ აზრი არ აქვს“,- განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.