მიხეილ სარჯველაძე - ვადასტურებ პატივისცემას ნებისმიერი ადამიანისადმი, ვინც არამც თუ გადარჩა, არამედ გმირობა გამოიჩინა, კობახიძეს და არც მე არ გვინდოდა ვინმეს ღვაწლის დაკნინება, პატიებას ვითხოვთ, თუ ასე გამოვიდა
მიხეილ სარჯველაძე - ვადასტურებ პატივისცემას ნებისმიერი ადამიანისადმი, ვინც არამც თუ გადარჩა, არამედ გმირობა გამოიჩინა, კობახიძეს და არც მე არ გვინდოდა ვინმეს ღვაწლის დაკნინება, პატიებას ვითხოვთ, თუ ასე გამოვიდა

არც სტიქიის პირველ, არც მეორე დღეს და არც არასდროს არავის ჰქონია სურვილი, რომ ვინმეს ღვაწლი, გმირობა რაღაცნაირად დაეკნინებინა. ირაკლი კობახიძემ ეს თქვა და ყოველგვარი სპეკულაციისთვის მიზეზი მოსპო, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ დავით ჯელაძესთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძის გუშინდელი განცხადების შეფასებისას აღნიშნა.

სარჯველაძის თქმით, კობახიძის განცხადება დასაფასებელია და ამ განცხადებას თავადაც უერთდება.

„ხშირად კონტექსტიდან ამოგლეჯილად ხდება ხოლმე გარკვეული ფრაზების გავრცელება. ეს ქმნის გარკვეულ, არასწორ შთაბეჭდილებებსა და არასწორ ფაქტებს. ის, რაც თქვა გუშინ ირაკლი კობახიძემ, აბსოლუტურად სწორი იყო, ყველაზე მეტად ვაჟკაცურად გამოიყურებოდა და კორექტული იყო. არც პირველ, არც მეორე დღეს და არც არასდროს არავის ჰქონია სურვილი, რომ ვინმეს ღვაწლი, ჰეროიკული საქციელი და გმირობა რაღაცნაირად დაეკნინებინა. ეს თქვა და ყოველგვარი სპეკულაციისთვის მიზეზი მოსპო. ეს არის ძალიან დასაფასებელი და, რასაკვირველია, ამ განცხადებას ვუერთდები.

მინდა, დავადასტურო ჩემი ღრმა პატივისცემა ნებისმიერი ადამიანის მიმართ, ვინც არამც თუ გადარჩა, არამედ გმირობა გამოიჩინა. არც ირაკლის და არც მე არასდროს გვქონია განზრახვა და სურვილი, რომ ვინმე შეურაცხყოფილი დარჩენილიყო. ნამდვილად არ გვინდოდა ამით ვინმეს ღვაწლის დაკნინება. პატიებას ვითხოვთ, თუ ასე გამოვიდა და ობიექტირად ვინმეს გაუჩნდა შთაბეჭდილება, რომ ვინმეს ღვაწლი დავაკნინეთ.

მე ერთი ინდივიდუალური შემთხვევის შეფასება მიზნად არ მქონია. ბატონმა ჯელაძემ მართლა არნახული სიმამაცე გამოიჩინა, როდესაც მოიკიდა თავისი დისშვილი და გადაიყვანა ერთი მხრიდან მეორეზე“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.