მიხეილ სარჯველაძე - უპირველესი ამოცანაა უკრაინელი ხალხის გვერდით დგომა, მუდმივად ვმუშაობთ, რომ რაც შეუძლია საქართველოს მხარში ამოუდგეს უკრაინელ ხალხს
მიხეილ სარჯველაძე - უპირველესი ამოცანაა უკრაინელი ხალხის გვერდით დგომა, მუდმივად ვმუშაობთ, რომ რაც შეუძლია საქართველოს მხარში ამოუდგეს უკრაინელ ხალხს

უკრაინასთან გვაქვს მუდმივი კომუნიკაცია, თანამშრომლობა და ვმუშაობთ საიმისოდ, რომ რეალურად რაც შეუძლია საქართველოს, რითაც შეუძლია, მხარში ამოუდგეს უკრაინელ ხალხს, ბუნებრივია ის ამას გააკეთებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო უკრაინას აქტიურად ეხმარება.

„ეს ოკუპაცია და აგრესია სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის მხრიდან არის ერთმნიშვნელოვნად დარღვევა საერთაშორისო ნორმების, საერთაშორისო სამართლებრივი წესრიგის. ვფიქრობ, აქ კითხვის ნიშნები არ არსებობს, მით უმეტეს მას შემდეგ, რაც საქართველოს აქტიური მხარდაჭერით მიღებულ იქნა არაერთი საერთაშორისო სამართლებრივი აქტი, რომლითაც ეს არამც თუ უბრალოდ შეფასებულია, არამედ კონკრეტულად ხაზგასმულია მნიშვნელობა საერთაშორისო წესრიგთან წინააღმდეგობაში მოსვლისა რუსეთის ფედერაციის მხრიდან. ცივილიზებული სამყარო ამ წუთას უპირისპირდება იმ ჰუმანიტარულ კრიზისს, რომელიც შექმნილია. იქ კატასტროფული მდგომარეობაა ჰუმანიტარული თვალსაზრისით. შესაბამისად, უპირველესი ამოცანა დღეს კაცობრიობისა არის უკრაინელი ხალხის გვერდში დგომა, მათ შორის ჰუმანიტარული მოტივებიდან გამომდინარე. აუცილებელია, კარგად დავაკვირდეთ მიმდინარე პროცესებს იმ თვალსაზრისით, რომ არც ერთი საჭიროება რომელიც ექნება უკრაინელ ხალხს, არ დარჩეს ჩვენი ყურადღების მიღმა და რეაგირების გარეშე. ბუნებრივია, ამ თვალსაზრისით საქართველოა აქტიურად ჩართული იქნება და ასეც არის პირველი წუთებიდან, რაც ეს აგრესია დაიწყო. გვაქვს მუდმივი კომუნიკაცია, თანამშრომლობა და მუდმივად ვმუშაობთ საიმისოდ, რომ რეალურად რაც შეუძლია საქართველოს, რითაც შეუძლია, მხარში ამოუდგეს უკრაინელ ხალხს, ბუნებრივია ის ამას გააკეთებს“, – განაცხადა სარჯველაძემ.