პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, მოლაპარაკებების ის ეტაპი, რომელიც პოლიტიკურმა მხარეებმა გაიარეს, შეთანხმების მიღწევის თვალსაზრისით ნაყოფიერი ვერ აღმოჩნდა.
სარჯველაძის თქმით, ამის გამო, დადგა საჭიროება, მოლაპარაკების ახალ ეტაპებზე იფიქრონ.
„მოლაპარაკებების ის ეტაპი, რაც ვიხილეთ, შეთანხმების მიღწევის თვალსაზრისით ნაყოფიერი ვერ აღმოჩნდა. ამან გააჩინა გარკვეული ახალი შესაძლებლობები და იმის საჭიროება, რომ ვიფიქროთ მოლაპარაკების ახალ ეტაპებზე, ისეთზე, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს, შევქმნათ ისეთი კონფიგურაცია, რომლის შედეგად საქართველოში გაიზრდება შესაძლებლობა, საპარლამენტო ცხოვრებაში ოპოზიციის მეტი ჩართულობა ვიხილოთ. ეს იქნება „გირჩის“ შემოთავაზებაზე პასუხის ფორმით, თუ სხვა ფორმით, უახლოეს მომავალში ამაზე იქნება პოზიციები და შემდეგი ნაბიჯების გადადგმა შეგვეძლება. მხოლოდ ხელისუფლება და „გირჩი“ ბარიერის საკითხს ვერ გადაწყვეტენ, ამას სჭირდება ოპოზიციის მეტი ჩართულობა და მხარდაჭერა. ვნახოთ, სად იქნება შემდეგი ნაბიჯების გადადგმის შესაძლებლობა ამ მიმართულებით“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.