მიხეილ სარჯველაძე - უცნაური შეფასება იქნება, როცა წარმოდგენილ საკონსტიტუციო ცვლილებებს ვინმე სატყუარად მონათლავს
მიხეილ სარჯველაძე - უცნაური შეფასება იქნება, როცა წარმოდგენილ საკონსტიტუციო ცვლილებებს ვინმე სატყუარად მონათლავს

უცნაურია შეფასებაა, როცა წარმოდგენილ საკონსტიტუციო ცვლილებებს ვინმე სატყუარად მონათლავს. არაერთი პოლიტიკური ოპონენტის მხრიდან მოთხოვნის სახით სადისკუსიო თემა სწორედ ის იყო, რაც ახლა საკანონმდებლო ინიციატივის სახით არის წარმოდგენილი, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, არაერთხელ ითქვა, რომ ქვეყნისთვის კარგია ის, რაც საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტით არის წარმოდგენილი.

„შესაბამისად, აბსოლუტურად გაუგებარია, რა არის  სატყუარა. თუ აქ ის იგულისხმება, რომ პოლიტიკური ოპოზიციის მიმართ გაკეთდა მოწოდება იმის თაობაზე, რომ პარლამენტში შემოვიდნენ და მხარი დაუჭირონ ამ სასიკეთო ცვლილებებს, მათი ნებაა, ეს ასე ჩათვალონ. არაერთხელ ითქვა, რომ ქვეყნისთვის კარგია ის, რაც საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტით არის წარმოდგენილი. ამის საპირისპირო არგუმენტი არც არსებობს. ოპოზიციის მხრიდან ჭეშმარიტებებზე საუბრისგან გაქცევის მცდელობებს აქვს ადგილი, რათა არ მოუწიოთ იმის თქმა, რომ ეს არის ხელისუფლების მხრიდან მოლაპარაკებებისკენ გადადგმული რეალური ნაბიჯი. ხუთპროცენტიანი საარჩევნო ბარიერის შენარჩუნება მერკანტილური ინტერესებიდან გამომდინარე იმ პარტიას შეიძლება აწყობდეს, ვისაც აქვს იმედი, რომ არჩევნებში ხმების ხუთ პროცენტზე მეტს აიღებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მოიცილებს კონკურენტებს, ვისაც ხუთ პროცენტზე დაბალი მხარდაჭერა აქვს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

საარჩევნო ბარიერის დაწევასთან დაკავშირებით ახალი საკონსტიტუციო ცვლილებები მომზადდა. ცვლილებები საპარლამენტო უმრავლესობამ მოამზადა. კონსტიტუციური პროექტის მიხედვით, საარჩევნო ბარიერის 5-დან 3 პროცენტამდე შემცირება იგეგმება. პარლამენტში აღნიშნული საკონსტიტუციო ცვლილება უკვე დარეგისტრირდა.