მიხეილ სარჯველაძე - ტყუილი და დაუსაბუთებელი ბრალდებაა, თითქოს საქართველომ რამენაირად შეიცვალა ტრაექტორია, რაც არ ეფუძნება ფაქტობრივ მოცემულობას, ასე სურს ოპოზიციას
მიხეილ სარჯველაძე - ტყუილი და დაუსაბუთებელი ბრალდებაა, თითქოს საქართველომ რამენაირად შეიცვალა ტრაექტორია, რაც არ ეფუძნება ფაქტობრივ მოცემულობას, ასე სურს ოპოზიციას

არჩილ თალაკვაძის შეთავაზების მიუხედავად, ოპოზიციამ ვერ გაბედა, დაედასტურებინა საკუთარი მოსაზრება – დიახ, საქართველო ნამდვილად და უპირობოდ იმსახურებს ევროკავშირში გაწევრიანებას და კანდიდატის სტატუსს, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სამწუხაროდ, ოპოზიციას რამდენიმე დღე დასჭირდა დადებითი პასუხის წარმოსადგენად და იმის სათქმელად, რომ საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს იმსახურებს.

„აქაც დათქმები მოაყოლეს და თქვეს, რომ საქართველოს ამ მიმართულებით რაღაც ხარვეზები და ნაკლოვანებები აქვს, თუმცა როგორც კი მათ ჰკითხავ, რომელი რეფორმა აქვს უკეთესი მოლდოვას და რას ჩამოვრჩებით იმ დღის წესრიგით, რაც გათვალისწინებული იყო ასოცირების დღის წესრიგით, ვერავითარ პასუხს ვერ აღმოაჩენთ. ამ თემაზე აღქმებით საუბარი არ ღირს, რადგან ეს აღქმები ძირითადად ფაქტებს არ ეფუძნებიან და მიკერძოვებულ შეფასებაზე მიანიშნებენ, რადგან ხშირად ეს საქართველოს საწინააღმდეგო აქტივობებს და დესტრუქციას ემთხვევა. ხელისუფლების მხრიდან ვინმეზე რაიმეს გადაბრალებაზე საუბარი საერთოდ არ არის, საუბარია იმაზე, რომ საქართველო იმსახურებს, კანდიდატის სტატუსი მოიპოვოს. შესაბამისად, არ მგონია, რომ არის რაიმე ისეთი რეფორმა, რომლის განუხორციელებლობაც შეიძლება, ჩაითვალოს ნაკლოვანებად და წინაღობად კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად. საუბარი იმაზე, თითქოს საქართველომ რამენაირად ტრაექტორია შეიცვალა, არის მტკნარი ტყუილი და დაუსაბუთებელი ბრალდება, რაც ფაქტობრივ მოცემულობას არ ეფუძნება. ასე სურს ხელისუფლების ოპოზიციას, რომელიც უშვებს იმას, რომ მტრულად იყოს განწყობილი ჩვენი ქვეყნის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინტერესების საწინააღმდეგოდ“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

დატოვე კომენტარი