მიხეილ სარჯველაძე - თემატური და საგნობრივი დისკუსია არ ნიშნავს თავდასხმას, ასეთ ნიშნებს შეიცავდა განცხადებები, რომელიც ოპოზიციის მხრიდან კეთდებოდა საელჩოსა და ელჩის წინააღმდეგ
მიხეილ სარჯველაძე - თემატური და საგნობრივი დისკუსია არ ნიშნავს თავდასხმას, ასეთ ნიშნებს შეიცავდა განცხადებები, რომელიც ოპოზიციის მხრიდან კეთდებოდა საელჩოსა და ელჩის წინააღმდეგ

ვერ გავიზიარებ შეხედულებას, რომ ეს არის ინსტრუქციები და არა მოსაზრებები, ნამდვილად არ გამჩენია ასეთი შთაბეჭდილება. რაც შეეხება შინაარსობრივ მხარეს, არ მგონია, რომ ამ შემთხვევაში ეს მოსაზრებები და ამ მოსაზრებების წარმოდგენა კრიტიკის რაიმე სერიოზულ მიზეზს იძლეოდეს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ ოთხი დეპუტატის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

სარჯველაძის თქმი, „ყველას აქვს უფლება, როგორც საკუთარი მოსაზრებები უკარნახებს, ისეთი შეფასებები გააკეთოს“.

„არის საკითხები, რეკომენდაციები, რომლებიც საკმაოდ საინტერესოა, დიდი ინტერესით გავეცანი ამ დოკუმენტს. არის რეკომენდაციები, რომელიც მეც ნამდვილად ჭკუაში მიჯდება, არის საკითხები, რომელთა დაკავშირებითაც შეიძლება, მქონდეს განსხვავებული მოსაზრება. ასეთი განსხვავებული მოსაზრებების თაობაზეც, რა თქმა უნდა, გვექნება შესაძლებლობა, რომ დისკუსია წარიმართოს სამუშაო ჯგუფის ფორმატში და ამ საკითხების ირგვლივ საჯაროდ დისკუსიის წარმართვის საჭიროება ვფიქრობ, არ არსებობს. ალბათ, ეს არის მიზეზი, რის გამოც ჩვენი ყოფილი ფრაქციის წევრები, ჩვენი კოლეგები და ჩვენ არ ვართ ახლა ერთ პოლიტიკურ პლატფორმაზე. საკუთრივ იმ შეხედულებას, რომელიც წერილშია ჩამოყალიბებული არ ვეთანხმები, ამის მიუხედავად, ეს არამც და არამც არ ნიშნავს, რომ არის თავდასხმა, რადგან რაც არ უნდა კრიტიკული იყოს შეხედულება, შეფასება, მოსაზრება, შენი პარტნიორის ქმედებებთან, მოსაზრებასთან დაკავშირებით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ სახეზეა თავდასხმა. თავდასხმა სრულიად სხვა რაღაცას ნიშნავს. თავდასხმის ნიშნებს შეიცავდა სწორედ ის განცხადებები, რომელიც ოპოზიციის მხრიდან კეთდებოდა საელჩოს და პირადად ელჩის წინააღმდეგ და ასე შემდეგ. როდესაც საკითხის ირგვლივ გაქვს თემატური და საგნობრივი დისკუსია და ამასთან დაკავშირებით განსხვავებული შეხედულება, ეს არ ნიშნავს, რომ სახეზეა თავდასხმა. მე ყოველ შემთხვევაში ვერ ვიტყვი, რომ იმ კულტურას მივაკუთვნებ თავს, როდესაც ყველა ერთად უნდა აზროვნებდეს“, – განაცხადა სარჯველაძემ.

მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრებმა სოზარ სუბარმა, დიმიტრი ხუნდაძემ, მიხეილ ყაველაშვილმა და გურამ მაჭარაშვილმა განცხადება დღეს გაავრცელეს.