მიხეილ სარჯველაძე - „სტრატეგია აღმაშენებელს“ არასწორი პოლიტიკა აქვს არჩეული, რადგან ცდილობს, პოლიტიკიდან ხელისუფლება და ოპოზიციური პარტიების ცალკეული ნაწილი გამორიცხოს
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის მოსაზრებით, „სტრატეგია აღმაშენებელს“ არასწორი პოლიტიკა აქვს არჩეული, რადგან ცდილობს, პოლიტიკიდან ხელისუფლება და ოპოზიციური პარტიების ცალკეული ნაწილი გამორიცხოს.
როგორც ჟურნალისტებს სარჯველაძემ განუცხადა, გიორგი ვაშაძის გუნდი ცდილობს, რომ საზოგადოების იმ ნაწილის ხმებზე ინადიროს, რომელიც არ გამოირჩევა მხარდაჭერით არც ოპოზიციის და არც ხელისუფლების მიმართ, ამ პოლიტიკური ძალისგან.
„არ მგონია, სადღეისოდ ეს იმდენად აქტუალური იყოს, რომ რაიმე მნიშვნელოვან გაერთიანებაზე ვსაუბრობდეთ იმის გათვალისწინებით, რომ ხელისუფლებას აქვს ისეთი მხარდაჭერა, რომელიც პრაქტიკულად, ყოველგვარ შესაძლებლობას ართმევს სამომავლოდ ნებისმიერი განაცხადის გაკეთებისთვის ამ პოლიტიკურ ძალას. მოცემულობაა, რომ მესამე ალტერნატივის ადგილის დაკავებას ცდილობენ, მაგრამ ამ შემთხვევაში იმდენად მაღალი უნდა იყოს მხარდაჭერის დეფიციტი, ძირითად აქტორებს შორის, რომ ეს უნდა განაპირობებდეს მაღალ მხარდაჭერას და ასეთი მოცემულობა არ არსებობს. იმ ფონზე, როცა ჩვენი გამოთვლებით, დაახლოებით 50 პროცენტიანი მხარდაჭერა გვაქვს, ეს არ ნიშნავს, რომ მესამე ძალის ამ კარტის გათამაშება მაინც და მაინც პერსპექტიული იქნება, არ მგონია, დიდ გეგმებზე ჰქონდეთ გათვლა. ეს შანსები სამომავლოდ როგორი იქნება არ ვიცი, მაგრამ ახლა ეს შანსი რომ არ არსებობს, ცხადია“, – განაცხადა სარჯველაძემ.