მიხეილ სარჯველაძე - სპეკულაციებს, რასაც ანაკლიასთან დაკავშირებით მიმართავდნენ ოპონენტების ნაწილი, მიკერძოებული ადამიანები, წერტილი დაესვა
მიხეილ სარჯველაძე - სპეკულაციებს, რასაც ანაკლიასთან დაკავშირებით მიმართავდნენ ოპონენტების ნაწილი, მიკერძოებული ადამიანები, წერტილი დაესვა

სპეკულაციებს, რასაც მიმართავდნენ ოპონენტების ნაწილი, მიკერძოებული ადამიანები, წერტილი დაესვა. ხელახალი გეგმა გაჩნდა, როგორ უნდა განხორციელდეს მნიშვნელოვანი ეკონომიკური პროექტი, რასაც ჰქვია ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

სარჯველაძის განცხადებით, პრემიერის დღევანდელი განცხადება მისასალმებელია.

„ინიციატივა მისასალმებელია. დასანანია დაკარგული წლები, თუმცა ეს არის კვლავ სპეკულაციებისა და ცალკეულ პირთა არაკეთილსინდისიერი ქმედებების რეზულტატი. სამწუხაროდ, კომპანიამ, რომელმაც ეს ვალდებულება აიღო, ვერ შეასრულა, მოგვიანებით კი ამისთვის სხვას აკრიტიკებდა. კონტრაქტის პირობა რაც იყო, ის პირობა ვერ შესრულდა და შემდეგ ეს პირები კონტრაქტის ახალი პირობების ჩამოყალიბებას ითხოვდნენ. ახლა რა ნაბიჯიც სამომავლოდ გადაიდგმება, ეს ერთმნიშვნელოვნად სწორია“, – განაცხადა სარჯველაძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ ანაკლიის პორტი აშენდება სახელმწიფოს თანამონაწილეობით, სადაც 51 პროცენტის მფლობელი სახელმწიფო იქნება.