მიხეილ სარჯველაძე - შეთანხმებაში რა არის წარუმატებლობა და რისთვის შეიძლება, თალაკვაძე დასჯილიყო, ეს ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია
შეთანხმებაში რა არის წარუმატებლობა და რისთვის შეიძლება, თალაკვაძე დასჯილიყო, ეს ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია, – ასე აფასებს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობიდან არჩილ თალაკვაძის გადადგომის შემდეგ ოპოზიციის მიერ გაკეთებულ განცხადებებს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე.
„სინამდვილეში, ეს არის უკუღმა მსჯელობის კლასიკური მაგალითი. ოპოზიცია მიხვდა რაღაც მომენტში, რომ რეალურად, არაფერი დაკლებია ხელისუფლებას იმ შეთანხმების ხელმოწერით, რომელზეც გვაქვს საუბარი. ახლა ცდილობენ, რამენაირად ახსნან და დააჯერონ საკუთარი ამომრჩეველი, თითქოსდა ხელისუფლებისთვის ეს დამაზიანებელია. შეთანხმება, რომელიც არის დადებული, საქართველოს ინტერესშია; ჩვენ ვართ პარტია, რომლის ინტერესიც ამ შემთხვევაში აბსოლუტურად თანხვედრაშია საქართველოს ინტერესებთან. ამაზე კამათი, ვფიქრობ, სრულიდ უსაგნოა. რა არის იქ წარუმატებლობა და რისთვის შეიძლება, ბატონი თალაკვაძე დასჯილიყო, ეს ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია“, – განაცხადა სარჯველაძემ.
მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ არჩილ თალაკვაძემ თავად ახსნა საკუთარი გადაწყვეტილება.
„მისი სურვილი განაპირობა ფონმა, რომ წარმოადგენდა მომლაპარაკებელ ერთ-ერთ მხარეს პოლიტიკურ დისკუსიებში. იმის გათვალისწინებით, რომ გარკვეული ჩრდილი შეიძლება, მისდგომოდა მის ნეიტრალიტეტს, როგორც თავმჯდომარისას. ეს შეიძლება, განაპირობებდეს საჭიროებას, რომ საკუთარი ადგილი უფრო იოლად ნახოს მაგალითად, დარბაზში და არა თავმჯდომარის პოზიციაზე“, – განაცხადა სარჯველაძემ.