მიხეილ სარჯველაძე - საზოგადოებრივი მაუწყებელი არის პლატფორმა, სადაც ბევრი ისეთი მიმართულებაა, რომელსაც, მათ შორის ქართულ მედიასივრცეში, უბრალოდ ანალოგი არ მოეძებნება
მიხეილ სარჯველაძე - საზოგადოებრივი მაუწყებელი არის პლატფორმა, სადაც ბევრი ისეთი მიმართულებაა, რომელსაც, მათ შორის ქართულ მედიასივრცეში, უბრალოდ ანალოგი არ მოეძებნება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მიხეილ სარჯველაძე პარლამენტში საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, რომან გოცირიძის განცხადებებს გამოეხმაურა და რამდენიმე საკითხი შეაფასა.

როგორც სარჯველაძემ აღნიშნა, ალოგიკურია მოსაზრება, თითქოს ხელისუფლებას არ სურს, რომ საქართველოს პირველ არხზე პარლამენტის პლენარული სხდომები შუქდებოდეს.

„უცნაური რაღაცები მოვისმინეთ, განსაკუთრებით ბოლოს. რამდენიმე საკითხს მინდა, გამოვეხმაურო. ლოგიკური შეუსაბამობები –  პირველი, ესე იგი, ხელისუფლებას არ უნდა, რომ პარლამენტის პლენარული სხდომები შუქდებოდესო და მეორე არხიდან გადაიტანა „იუთუბზე“, რითაც მოცვა შეამცირაო. ეს არის პარადოქსი, რაც თქვენ ბრძანეთ, ბატონო რომან, რადგან „იუთუბი“ არის არხი, რომელზეც შეიძლება, ვთქვათ, რომ ყველაზე მეტი მოცვაა, ყველაზე მეტი მაყურებელი ჰყავს და შეუზღუდავი იქნება. ამიტომ ამას ნუ დაგვაბრალებთ და არითმეტიკული სიზუსტით შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ასეთი ალოგიკური დასკვნები, რაც თქვენ ახლა განაცხადეთ, არის ნონსენსი“,- განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ამასთან, სარჯველაძემ რომან გოცირიძეს რჩევა მისცა, საზოგადოებრივ მაუწყებელს უყუროს და ნახოს, რომ ყველა ტიპის იდეოლოგია შუქდება რეალურად. როგორც სარჯველაძე ამბობს, ეს მაუწყებლის მთავარ ხიბლს წარმოადგენს.

„მეორე, რამდენჯერმე ახსენეთ მაყურებელი არ ვარო და შემდეგ თქვით, რომ კონკრეტული ტიპის დოკუმენტური ან რომელიმე თეორიის გამშუქებელი კონკრეტული დოქტრინა ან რაღაც, ხშირად არ ისმისო. თუ მაყურებელი არ ხართ, მგონია, მაშინ აჯობებს, უყუროთ და გაარკვიოთ, რომ იქ სწორედ ყველა ტიპის იდეოლოგია შუქდება რეალურად და ეს, რა თქმა უნდა, მთავარი ხიბლია“, – აღნიშნა სარჯველაძემ

ამასთან, მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ პარლამენტში საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი თეონა მანაგაძე არავისზე ნაკლებ კრიტიკულ კითხვებს არ სვამს.

„მესამეც, მნიშვნელოვანია, რომ დიახ, რა თქმა უნდა, მაუწყებელი საკმაოდ ხშირად ზედმიწევნით მიუკერძოებელია ან კრიტიკულად მიკერძოებულიც შემიმჩნევია, ესეც მინდა, გაითვალისწინოთ. მაგრამ აი, აქვეა მაგალითად, პირველი არხის ჟურნალისტი, რომელიც არავისზე ნაკლებად კრიტიკულ კითხვას არ სვამს. ეს კითხვა კვალიფიციურია, არასდროს არ არის მიკერძოებული. ქალბატონ თეონას, რა თქმა უნდა, ამ კუთხით დაფასება სჭირდება, დადებითი შეფასება მის საქმიანობას და მაუწყებლის საქმიანობას ამ მიმართულებით“, – განაცხადა სარჯველაძემ.

როგორც მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, საქართველოს პირველ არხზე არის ბევრი ისეთი მიმართულება, რომელსაც ანალოგი არ მოეძებნება, მათ შორის ქართულ მედიასივრცეში.

„მინდა, ბოლოს ვისარგებლო შესაძლებლობით და ვთქვა, რომ მაუწყებელი არის ის პლატფორმა, სადაც რეალურადაა შესაძლებელი, მოსმენილი იქნას ისეთი მიმართულებები, გარდა იმისა, რაც ჩემთვის ნამდვილად სასიამოვნოა ბოლო ფილმების ჩათვლიც, რომლებიც პირადად ბატონი ვასილის შემოქმედების პროდუქტია. ამავდროულად, ძალიან საინტერესოა ბევრი ისეთი მიმართულება, რომელსაც უბრალოდ ანალოგი არ მოეძებნება, მათ შორის ქართულ სივრცეში. მათ შორის ის პერსპექტივებიც, რომლებიც ბატონმა როსტომ ჩხეიძემ ახსენა. მაგალითად, იგივე სატელევიზიო ფილმების განვითარება და ეს პერსპექტივები ჩანს. მთავარი ადგილი, სადაც შეიძლება, ეს განვითარებადი აღმოჩნდეს, სწორედ საზოგადოებრივი მაუწყებელია. დიახ, რა თქმა უნდა, ამისთვის 80 მილიონის დახარჯვა გამართლებულია.

მაგალითად, სამოქალაქო ინტეგრაციის მიმართულებით უზარმაზარი პასუხისმგებლობა, რომელიც აკისრია ამ დაწესებულებას, ზედმიწევნით კარგად სრულდება. ვისურვებდი, რომ ეს მიმართულება კიდევ უფრო სიღრმისეულად განვითარდეს. მერწმუნეთ, ისეთი ტიპის თავდასხმები, რაც ბოლოს მოვისმინეთ, ნამდვილად ხელის შემწყობად ვერ იქნება მოაზრებული. ეს მიმართულებები, რომლებიც მარტო კომერციული პარამეტრებით არ ფასდება, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რათა ჩვენი საზოგადოებისთვის უმნიშვნელოვანესი, კრიტიკულად მნიშვნელოვანი საზრდოთი იყოს მომარაგებული. მათ შორის ეს გულისხმობს ობიექტურ ინფორმაციას და სოციალურ პროგრამებს, რომლებიც რეალურად ხორციელდება. სოციალურ პროგრამაში ვგულისხმობ იმ საგანმანათლებლო მიმართულებასაც, რომლებიც ამ დრომდე ხორციელდება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, დიდი მადლობა გაწეული მუშაობისთვის“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.