მიხეილ სარჯველაძე - საზოგადოება ფაქტებს კარგად აცნობიერებს და გაცილებით მაღლა დგას, ვიდრე „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს შეხედულება ქართველ ამომრჩეველზე
მიხეილ სარჯველაძე - საზოგადოება ფაქტებს კარგად აცნობიერებს და გაცილებით მაღლა დგას, ვიდრე „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს შეხედულება ქართველ ამომრჩეველზე

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, მიხეილ სარჯველაძეს მიაჩნია, რომ რადიკალურმა ოპოზიციამ საკუთარ გადაწყვეტილებებსა და დამოკიდებულებებს უნდა გადახედოს.

სარჯველაძის განცხადებით, ოპოზიცია ხედავს, რომ საზოგადოების მხრიდან მხარდაჭერა არ აქვს, რადგან საზოგადოება ფაქტებს კარგად აცნობიერებს.

„ჯერ გაზაფხულის სიცხელე დაანონსეს, შემდეგ – შემოდგომა, შემდეგ – ცხელი ზაფხული, ყველა ეს გეგმა ჩაუვარდათ და ყველგან შეეშალათ. ხვდებიან, რომ სწორედ ამ ნაბიჯების გამო არის ყოველ მომდევნო კვლევაში უფრო ნაკლები მხარდაჭერა. საზოგადოება საკმაოდ მაღალი დონის შემფასებელია, კარგად აცნობიერებს ფაქტებს და არგუმენტებს ითხოვს. არგუმენტების დეფიციტის შევსება მოსახლეობის სიმრავლით ან აქციების სიმწვავით არ ხდება. ეს ოპოზიციამ დღემდე ვერ გაიგო და ჰგონია, რომ ვართ საზოგადოება, რომელსაც რასაც ჩასძახებ, იმას ამოგძახებს. საზოგადოება გაცილებით მაღლა დგას, ვიდრე „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს შეხედულება ქართველ ამომრჩეველზე. ამომრჩეველს სჭირდება არგუმენტი და რეაგირებას არ აყოვნებს. ასეთი აქციები არაფრის მომტანია, თუმცა, სამწუხაროდ, მათი ამოცანაა პოლარიზაციის გამწვავება. ფაქტია, რომ ოპოზიცია აქციებს ვერ იყენებს. ყოველი სეზონის წინ ტემპერატურის გაზომვას რომ იწყებენ, უნდა მიხვდნენ, რომ სხვა გეგმები და სხვა საზომები სჭირდებათ“, – განაცხადა სარჯველაძემ.