მიხეილ სარჯველაძე - სასიხარულოა, რომ სამთავრობო პროგრამა პრაქტიკულად  ყველა იმ საკითხს მოიცავს, რომელიც სხვადასხვა ინტენსივობით მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის როგორც პრიორიტეტი
მიხეილ სარჯველაძე - სასიხარულოა, რომ სამთავრობო პროგრამა პრაქტიკულად  ყველა იმ საკითხს მოიცავს, რომელიც სხვადასხვა ინტენსივობით მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის როგორც პრიორიტეტი

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის შეფასებით სამთავრობო პროგრამა ძალოვანი ბლოკის  საკითხებთან მიმართებაში ყველა იმ მნიშვნელოვან გამოწვევას მოიცავს, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე მთელი სიმწვავით შეიძლება იდგეს და  იქ არის გარკვეული მოსაზრებები იმასთან დაკავშირებით, როგორი უნდა იყოს მიდგომები ცალკეულ საკითხთან დაკავშირებით.

ამის შესახებ მან კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ისაუბრა, სადაც ძალოვანი და სოციალური ბლოკის მინისტრებს უსმენდნენ.

მისი პირველი კითხვა მინისტრობის კანდიდატების მიმართ შეეხებოდა თავდაცვის სფეროს, კერძოდ დაჭრილების და სხვა მოწყვლადი ჯგუფების მიმართ ზრუნვის საკითხს.

მისი შეფასებით, „კარგია რომ აღინიშნა, როგორც მოწყვლად ჯგუფებთან დაკავშირებით მათზე სოციალურ ზრუნვასთან მიმართებით, როგორც ერთ-ერთ პრიორიტეტზე თავდაცვის სამინისტროსი, ეს განსაკუთრებულად დასაფასებელია ერთის მხრივ და მეორეს მხრივ აჩენს გამოწვევას მთელი სიცხადითა და სისრულით. ეს მნიშვნელოვანია, რომ პრობლემა, როგორც ასეთი იდენტიფიცირებულია, თუმცა მე მაინტერესებს და ალბათ სამომავლოდ დაგვჭირდება მუშაობა იმ სქემებთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება გაიზარდოს ამ მიმართულებით ამ პირთა მხარდაჭერა, რა შესაძლებლობები არსებობს? რამდენადაც მე ვიცი თავდაცვის სამინისტროში კარგი თანამშრომლობა არსებობს იგივე კერძო სექტორთანაც და შესაბამისად ყველა პლატფორმის გამოყენების მიმართულებით როგორ შეიძლება გაფართოვდეს ეს შესაძლებლობები“.

მიხეილ სარჯველაძემ ერთგვარი ინიციატივა შესთავაზა შინაგან საქმეთა სამინისტროს ე.წ, პოლიციელთა სტანდარტული საოპერაციო მანუალების და სხვადასხვა დოკუმენტების შექმნის ინიციატივასთან დაკავშირებით, და სურვილი გამოთქვა, რომ ამ დოკუმენტებზე მუშაობის პროცესში იყოს კოორდინაცია კომიტეტსა და სამინისტროს შორის, ვინაიდან განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება ადამიანის უფლებების მიდგომების მაქსიმალურად ინტეგრაცია ამ პროცესში. ამასთან დაკავშირებით მან კითხვით მიმართა მინისტრთა კაბინეტის წევრობის კანდიდატებს – თუ არის შესაძლებელი, რომ რაიმე კონკრეტული გეგმა დაისახოს, კონკრეტული ვადების მითითებით თუ როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს სამომავლო გეგმები ამ მიმართულებით. მისი კითხვა ასევე შეეხებოდა ზოგადად მართლწესრიგის დაცვის მიმართულებით ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის, რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს შსს-ში, მათი ასევე, კითხვა შეეხება ზოგადად მართლწესრიგის დაცვის მიმართულებით ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის სამომავლო გეგმებს.

„რაც შეეხება იუსტიციის სამინისტროსთან კითხვებს, რამდენადაც თავად წარმოვადგენდი ცოტა ხნის წინ ამ სამინისტროს და მაქვს ინფორმაცია მის გეგმებთან დაკავშირებით. ასევე მიხარია, რომ დღეს წარმოდგენილ პროგრამაშიც ის პრიორიტეტები, რომელიც იყო ამ დრომდე ჩვენი სამინისტროს წინაშე, კვლავ ინარჩუნებს აქტუალობას და ამ მიმართულებით გათვალისწინებულია საქმიანობის გაგრძელება“, – განაცხადა დეპუტატმა, რომელმაც მინისტრობის კანდიდატებს კითხვები დაუსვა სისხლის სამართლის სფეროში მედიაციის და აღდგენითი მართლმსაჯულების ინსტრუმენტების დაგეგმვაზე.

„მე ვფიქრობ, ეს ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით იქნება პროგრესული ნაბიჯი. აქედან გამომდინარე სასურველია, რომ გეგმებთან დაკავშირებით ვისაუბროთ, კონკრეტულად – რამდენად იქნება შესაძლებელი თუნდაც მომდევნო წლის პირველ ნახევარში უკვე ვისაუბროთ პილოტირების რეჟიმში ამ პროექტის ჩაშვებაზე, როგორც სამთავრობო პროგრამაშია აღნიშნული, სასურველია ვადებთან დაკავშირებით დაზუსტება მოხდეს.

ასევე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა საერთაშორისო ხელშეკრულებები, რომელიც ითვალისწინებს საალიმენტო ვალდებულებების სფეროს დარეგულირებას. ეს განსაკუთრებული სფეროა, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით ნაბიჯების გადადგმა, ეს სოციალურ უზრუნველყოფასთანაც არის დაკავშირებული, თუმცა ძირითადი ასპექტი პირველ ყოვლისა არი სამართლებრივი და ამ თვალსაზრისით მინდოდა გვესაუბრა და საზოგადოებისთვისაც მიგვეწოდებინა ინფორმაცია ამ მიმართულებით დაგეგმილი ნაბიჯების შესახებ“,- განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ საკითხები, რომელთა დაკავშირებითაც ალბათ ინტენსიური მუშაობა იქნება საჭირო, გაცილებით ვრცელია, და იმედი გამოთქვა, რომ მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების შემდეგ ექნება ამ მიმართულებებით აქტიურად თანამშრომლობის შესაძლებლობა.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.