მიხეილ სარჯველაძე - სასამართლო მოსამართლეების დანიშვნას თავად წყვეტს, არც მინდა ისეთი სახელმწიფოს აშენება, რომელშიც მოსამართლეს პოლიტიკოსები მოხსნიან ან არ მოხსნიან
მიხეილ სარჯველაძე - სასამართლო მოსამართლეების დანიშვნას თავად წყვეტს, არც მინდა ისეთი სახელმწიფოს აშენება, რომელშიც მოსამართლეს პოლიტიკოსები მოხსნიან ან არ მოხსნიან

სასამართლო მოსამართლეების დანიშვნას დღეს თავად წყვეტს, არ მინდა ისეთი სახელმწიფოს აშენება, რომელშიც მოგვწონს თუ არა მოსამართლე, მას პოლიტიკოსები მოხსნიან ან არ მოხსნიან, ეს არასწორია, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

დეპუტატმა კომენტარი გააკეთა სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე, რომელშიც პრეზიდენტმა თქვა: „ვინ შეიწყალა მურუსიძე და ჩინჩალაძე? მე? როდის? მიპასუხეთ. მგონი, სწორედ იმ ძალამ, რომელიც ჭკუას მასწავლის. არათუ შეიწყალეს, არამედ განაწესეს ისეთ ადგილებზე, საიდანაც ვერავინ მოხსნის მათ და საიდანაც ძალიან ეფექტურად გვიბლოკავენ ევროპის გზას“.

სარჯველაძის თქმით, ლევან მურუსიძე და მიხეილ ჩინჩალაძე უვადოდ სასამართლო ხელისუფლებამ დანიშნა.

„სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა იმას ნიშნავს, რომ გამორიცხული უნდა იყოს ის, რომ ნებისმიერ პოლიტიკურ ხელისუფალს მოსამართლის მოხსნის უფლება ჰქონდეს.

ეს ადამიანები უვადოდ სასამართლო ხელისუფლებამ დანიშნა და პოლიტიკურ ხელისუფლებას არ დაუნიშნავს. რაზე ვკამათობთ საერთოდ? მოსამართლეები, რომლებიც არიან დანიშნულნი და რომლის მიმართაც ქალბატონ პრეზიდენტს პრეტენზია აქვს, ხელისუფლებას რატომ არ აქვს მათი მოხსნის უფლება? ეს სწორი და კორექტული განცხადება არ არის. არც მინდა ისეთი სახელმწიფოს აშენება, რომელშიც მოგვწონს თუ არა მოსამართლე, მას პოლიტიკოსები მოხსნიან ან არ მოხსნიან, ეს არასწორია.

სასამართლო მოსამართლეების დანიშვნას დღეს თავად წყვეტს და ამის ალტერნატივა კი არის ის, რომ სასამართლოს ამის უფლება არ ჰქონდეს და ამის უფლება პოლიტიკურ ხელისუფლებას ჰქონდეს. თუ ასეთი სახელმწიფო გნებავთ და მიგაჩნიათ, რომ უფრო სწორია, თქვენი ნებაა, მე ასე არ ვფიქრობ“, – განაცხადა სარჯველაძემ.