მიხეილ სარჯველაძე - საქართველოში ყველას აქვს გამოხატვის თავისუფლება, არ მგონია, არსებობდეს განსხვავებული მოსაზრებები, ვინმეს უსაფრთხოება ან უფლება იმსახურებს თუ არა დაცვას
ჩვენ არ ხელგვეწიფება, ვინმეს ავუკრძალოთ ან ვინმეს ნება დავრთოთ, რომ გამოხატოს საკუთარი პოზიცია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ „თბილისი პრაიდთან“ დაკავშირებით დასმულ კითხვაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ფრაქცია „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფმა“ „თბილისი პრაიდის“ გარშემო უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის დაბარება მოითხოვა.
„ნამდვილად შემოვიდა ქალბატონი ხათუნა სამნიძის მხრიდან მოთხოვნა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი მოვიწვიოთ კომიტეტის სხდომაზე. შემდგომ ვთხოვეთ დაზუსტება და გვითხრეს, რომ ეს უკავშირდებოდა პრაიდის გამართვას და ამ კუთხით უსაფრთხოების ზომებს. შესაბამისად ეს საკითხი დადგინდება პარლამენტის რეგლამენტით და ამ საკითხზეც ჩვენი რეაგირება იქნება რეგლამენტის შესაბამისი“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.
მისივე თქმით, „თბილისი პრაიდის“ ფორმატთან დაკავშირებით მოლაპარაკება შედგება ორგანიზატორებისა და შსს-ს ჩართულობით.
„არ მგონია, არსებობდეს განსხვავებული მოსაზრებები, ვინმეს უსაფრთხოება ან უფლება იმსახურებს თუ არა დაცვას. ეს საკითხი საკამათო ნამდვილად არ არის. რაც შეეხება საკითხს იმის შესახებ, როგორი ფორმატით წარიმართება ამ მოთხოვნის დაკმაყოფილება, რა იქნება შინაარსი, განხილვის ფორმა, ამ ყველაფერზე მოვილაპარაკებთ, რა თქმა უნდა, თვითონ ინიციატორისა და სამინისტროს მონაწილეობითა და ჩართულობით“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
მისივე თქმით, საქართველოში ყველას აქვს გამოხატვის თავისუფლება.
„ეს ნიშნავს, რომ ჩვენ არ ხელგვეწიფება, ვინმეს ავუკრძალოთ ან ვინმეს ნება დავრთოთ, რომ გამოხატოს საკუთარი პოზიცია. უბრალოდ ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ ყველამ ვიგრძნოთ პასუხისმგებლობა ასეთ სენსიტიურ თემებზე როდესაც ვსაუბრობთ, რომ ამან არც ერთ შემთხვევაში არ გამოიწვიოს რაიმე ფორმით საზღვრების გადალახვა, იმ საზღვრებისა, რომლებსაც მოქმედი კანონი ადგენს. ამ შემთხვევაში ვგულისხმობ, რომ არაფრის დიდებით არ შეიძლება, ვინმეს ჰქონდეს განზრახვა, რაიმე ფორმით ხელი შეუწყოს ესკალაციის, კონფლიქტების შექმნას საზოგადოებაში და უსაფრთხოების საფრთხის ქვეშ დაყენებას“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.