მიხეილ სარჯველაძე - საქართველოში ოკუპაცია უნდა დამთავრდეს, ერთადერთი, რასაც ოკუპაციის მანკიერი და დასაგმობი მოვლენის წინააღმდეგ არ ვაკეთებთ, ისაა, რომ ომს არ ვაცხადებთ
მიხეილ სარჯველაძე - საქართველოში ოკუპაცია უნდა დამთავრდეს, ერთადერთი, რასაც ოკუპაციის მანკიერი და დასაგმობი მოვლენის წინააღმდეგ არ ვაკეთებთ, ისაა, რომ ომს არ ვაცხადებთ

ის, რომ ხელისუფლება ბიჭვინთის აგარაკების თემაზე დუმს, აბსოლუტური ტყუილია, რომლის ტირაჟირებასაც ოპოზიცია ცდილობს, ხელისუფლება არ ტყუის, ხელისუფლებას პოზიცია მკაფიოდ, ცხადად და არაორაზროვნად აქვს გაცხადებული, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლება შეურიგებელია ოკუპაციასთან, რა ფორმითაც არ უნდა ვლინდებოდეს.

„ნებისმიერი აქტთან, რომელიც არ მოდის შესაბამისობაში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპთან, ვართ შეურიგებელი და აბსოლუტურად კრიტიკული. საქართველოში ოკუპაცია უნდა დამთავრდეს. ერთადერთი, რასაც ჩვენ ოკუპაციის მანკიერი და დასაგმობი მოვლენის წინააღმდეგ არ ვაკეთებთ, ისაა, რომ ომს არ ვაცხადებთ. რაც გაკეთებადია ამის მიღმა, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა ხელი შეუშალოს პროცესს, რაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხდება“, – განაცხადა სარჯველაძემ.

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა.

საქართველოს საგარეო უწყებამ საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართა, სათანადოდ შეაფასოს რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფისკენ მიმართული მორიგი უკანონო ნაბიჯი.