მიხეილ სარჯველაძე საქართველოში გაერო-ს მუდმივ კოორდინატორს შეხვდა
მიხეილ სარჯველაძე საქართველოში გაერო-ს მუდმივ კოორდინატორს შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე საქართველოში გაერო-ს მუდმივ კოორდინატორს, დიდიე ტღებიუკს შეხვდა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოს მთავრობასა და გაერო-ს შორის გაფორმებული 2026–2030 წლების გაერო-ს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ხელშეკრულება განიხილეს, რომელსაც გასულ წელს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მოაწერა ხელი.

„დოკუმენტი განსაზღვრავს საქართველოს მთავრობასა და გაერო-ს შორის სტრატეგიულ პარტნიორობას მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში და მიზნად ისახავს ქვეყანაში მდგრადი განვითარების ხელშეწყობას. მხარეებმა ასევე ისაუბრეს თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე, მათ შორის ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებაზე, სოციალური დაცვის მექანიზმების განვითარებასა და მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესებაზე. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას, რომელიც ეფუძნება მდგრადი განვითარების მიზნებს და პასუხობს ქვეყნის საჭიროებებს. მინისტრმა აღნიშნა, რომ გაერო-სთან პარტნიორობა მნიშვნელოვანი პლატფორმაა რეფორმების მხარდაჭერისა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებისთვის. თავის მხრივ, საქართველოში გაერო-ს მუდმივმა კოორდინატორმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მზადყოფნა, აქტიურად ითანამშრომლოს საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებული მიზნების ეფექტიანი განხორციელებისთვის“, – ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, შეხვედრას გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრუ ნარტეა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელი ტომაშ რუბალი, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კოორდინატორი საქართველოში ეკატერინე ქარჩხაძე და გაერო-ს მუდმივი კოორდინატორის ოფისის ეკონომისტი ერიკ ანდერმო ესწრებოდნენ.