მიხეილ სარჯველაძე - საქართველოს უკრაინისთვის არაფერი დაუკლია, ჰუმანიტარულიდან დაწყებული, პოლიტიკური მხარდაჭერით დასრულებული, რაც შეეძლო, ყველაფერი გააკეთა და ამას გააგრძელებს
მიხეილ სარჯველაძე - საქართველოს უკრაინისთვის არაფერი დაუკლია, ჰუმანიტარულიდან დაწყებული, პოლიტიკური მხარდაჭერით დასრულებული, რაც შეეძლო, ყველაფერი გააკეთა და ამას გააგრძელებს

საქართველოს უკრაინისთვის არაფერი დაუკლია, ჰუმანიტარულიდან დაწყებული, პოლიტიკური მხარდაჭერით დასრულებული. საქართველოს რაც შეეძლო, ყველაფერი გააკეთა და ამას გააგრძელებს, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მიხეილ სარჯველაძემ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, – „პარტიები, რომლებმაც 24 თებერვალს აქცია დაანონსეს, ხომ არ იყენებენ უკრაინას საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის?“

სარჯველაძის თქმით, ეს ადამიანები არიან ხელმოცარული პოლიტიკოსები და არ აქვთ არავითარი რესურსი, საზოგადოებას რაიმე საკუთარი შესთავაზონ, რითიც მათ ინტერესს გამოიწვევენ.

„ერთადერთი, რაშიც უკრაინას მხარს ვერ ვუჭერთ, ეს არის საომარი მოქმედებების დაწყება და თუ ამას მოისაკლისებენ, ბარემ თქვან. სხვა შემთხვევაში, საქართველოს უკრაინისთვის არაფერი დაუკლია, ჰუმანიტარულიდან დაწყებული, პოლიტიკური მხარდაჭერით დასრულებული. საქართველოს რაც შეეძლო, ყველაფერი გააკეთა და ამას გააგრძელებს. პირადად მე მგონია, რომ ეს ადამიანები არიან ხელმოცარული პოლიტიკოსები და არ აქვთ არავითარი რესურსი, საზოგადოებას რაიმე საკუთარი შესთავაზონ, რითიც მათ ინტერესს გამოიწვევენ. შესაბამისად, ამ ადამიანებს ის დარჩენიათ, საზოგადოებაში მონახონ ისეთი ემოცია, რომელსაც საკუთარ სამსახურში ჩაიყენებენ. ამ შეთხვევაში, ქართულ საზოგადოებაში უკრაინელი ხალხის მიმართ არსებული ემპათია შეიძლება აღიქვან, როგორც მათთვის ერთგვარი საშუალება, რომ ეს ემოცია მიიტაცონ და ამას თავისი სახელი დაარქვან. ასე შეეცადნენ პროცესების მართვას 20 ივნისსაც, თუმცა ყველას კარგად გვახსოვს, ეს რითი დასრულდა. ახლაც დაახლოებით იმავეს მოლოდინი მაქვს“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

ოპოზიციური პარტიებისა და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა მოსახლეობას 24 თებერვალს რუსთაველის გამზირზე აქციაზე გასვლისკენ მოუწოდეს.