მიხეილ სარჯველაძე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წარმომადგენლებს შეხვდა
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, მერაბ ტურავას და სასამართლოს მოსამართლეს, ევა გოცირიძეს შეხვდა. სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა სტრასბურგის სასამართლოს იურისპრუდენციის საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაში იმპლემენტაციის შესაძლებლობებზე იმსჯელეს. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
„ევროკავშირის 12 რეკომენდაციებიდან ერთ-ერთი, მე-11 პუნქტი ქვეყნის ადგილობრივ იურისპრუდენციასა და სამართალწარმოებები სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების აქტიურად გამოყენებას შეეხება. ამ საკითხებზე მსჯელობისას გაჩნდა იდეა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაში რაიმე ფორმით იმპლემენტირებული იყოს სტრასბურგის იურისპრუდენცია. თუ როგორ შეიძლება მოხდეს ამის თანხვედრა და უფრო აქტიურად მათი გამოყენება ამასთან დაკავშირებით კონსულტაციები გაიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარესთან და ერთ-ერთ მოსამართლესთან. შეხვედრაზე საინტერესო დისკუსია შედგა და გამოითქვა გარკვეული მოსაზრებები, რომელთან დაკავშირებითაც დისკუსია გაგრძელდება და სამომავლო გვექნება მსჯელობა“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.