მიხეილ სარჯველაძე - საქართველოს ხელისუფლების პოზიცია უცვლელია, არგუმენტების დეფიციტი უნდა დავუწუნოთ იმ ადამიანებს, ვინც საქართველოსგან დღეს ომის დაწყებას მოითხოვს
მიხეილ სარჯველაძე - საქართველოს ხელისუფლების პოზიცია უცვლელია, არგუმენტების დეფიციტი უნდა დავუწუნოთ იმ ადამიანებს, ვინც საქართველოსგან დღეს ომის დაწყებას მოითხოვს

საქართველოს ხელისუფლების პოზიცია და არგუმენტები უცვლელია, მაგრამ არგუმენტების დეფიციტი უნდა დავუწუნოთ იმ ადამიანებს, ნაციონალობის მიუხედავად, ვინც საქართველოსგან დღეს ომის დაწყებას მოითხოვს, – ასე უპასუხა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად წამყვანის კითხვას, როგორია მმართველი გუნდის პოზიცია და არგუმენტები ალექსეი არესტოვიჩის კითხვასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ ახდენს საქართველო ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამხედრო ოპერაციას.

„ისინი არიან ვალდებული, ახსნან, რა ლოგიკით ექაჩებიან ჩვენს ქვეყანას ამ უმძიმეს ავანტიურაში. პირდაპირ ვიტყვი, რა თქმა უნდა, ალბათ, მსოფლიოში საკმაოდ მძლავრად არიან პოლიტიკური ძალები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ კი, შეიძლება, რაღაც დიდი იდეალების გულისთვის საქართველომ შეასრულოს ასე ვთქვათ, პაიკის გაწირვის ფუნქცია. ეს არის კატეგორიულად მიუღებელი და უბრალოდ, აბსოლუტურად გამორიცხული საქართველოს დღევანდელი ხელისუფლებისთვის“, – განაცხადა სარჯველაძემ.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ სწორედ ამ მიზანს ემსახურება, აბსოლუტურად გააზრებულად და ისინი ხელოვნურად ქმნიან შთაბეჭდილებებს, რომ საქართველო-უკრაინას შორის ურთიერთობები კრიტიკულად გადაძაბული იყოს, რათა საქართველოს ხელისუფლებას შეექმნას პრობლემა.

„ახლა რატომ უნდათ ხელისუფლებისთვის პრობლემის შექმნა და აქ უკვე, მხოლოდ საქართველოს მასშტაბის პრობლემა არ დგას. მსოფლიოში არსებობს რაღაც ძალები, რომლებიც ფიქრობენ, რომ დღეს, უმჯობესია, საქართველოს ჰყავდეს ხელისუფლება, რომელიც საქართველოს ინტერესებზე მაღლა რაღაც გლობალურ იდეალებს დააყენებს და საქართველოს ჩართვას იმ ომში, რომელიც საქართველოს არც ერთ შემთხვევაში არ სჭირდება და შედეგის მომტანი ვერ იქნება უკრაინისთვის, მაგრამ პაიკის გაწირვის ფუნქციას კი ნამდვილად შეასრულებს. ეს კატეგორიულად მიუღებელია მთლიანად საქართველოს მოსახლეობისთვის და რასაკვირველია, ამას არ დაუშვებს საქართველოს ხელისუფლება“, – განაცხადა სარჯველაძემ.

როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, ამის ხმამაღლა თქმას ვერავინ ბედავს და ამაზე ღიად ლაპარაკს ოპოზიციის ყველაზე რადიკალური წარმომადგენლებიც კი ვერ ბედავენ, რადგან კარგად იციან, რომ მოსახლეობაში ამას არავითარი მხარდაჭერა არ ექნება, თუმცა მოსახლეობა ღია რიტორიკის არარსებობის შემთხვევაშიც კარგად ხვდება, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი გეგმით მიზნად ისახავს საქართველოში უბედურების დატრიალებას.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ უკრაინას სოლიდარობა გამოუცხადა და აღნიშნა, რომ დღეს, უკრაინაში ომის შედეგად იღუპებიან ბავშვები, სრულიად უდანაშაულო, უმწეო ადამიანები და იმ აგრესიას, რომელსაც რუსეთის ფედერაცია უკრაინის სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართავს, არავითარი გამართლება არ აქვს.

„შესაბამისად, თუ დღეს კაცობრიობას რამე რესურსი აქვს საიმისოდ, რომ ომი შეწყდეს, რასაკვირველია, ამისთვის ყველაფერი უნდა იქნას გაკეთებული. არ არსებობს უფრო აღმატებული ინტერესი, რომელიც შეიძლება, ომის შეწყვეტაზე მაღლა დადგეს“, – განაცხადა სარჯველაძემ.

დატოვე კომენტარი