მიხეილ სარჯველაძე - საქართველო ნატო-ს წევრი არ არის, რომ სამიტზე უმაღლესი ხელისუფალის სახით იყოს წარმოდგენილი, არავითარი პროტოკოლური წესისგან გადახვევა ან დარღვევა არ გვაქვს
მიხეილ სარჯველაძე - საქართველო ნატო-ს წევრი არ არის, რომ სამიტზე უმაღლესი ხელისუფალის სახით იყოს წარმოდგენილი, არავითარი პროტოკოლური წესისგან გადახვევა ან დარღვევა არ გვაქვს

საქართველო უშუალოდ ნატო-ს წევრი სახელმწიფო არ არის, რომ სამიტზე იმ ფორმატშივე, უმაღლესი ხელისუფალის სახით იყოს წარმოდგენილი, როგორც ნატო-ს წევრი სახელმწიფოები იყვნენ წარმოდგენილი, – ასე უპასუხა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემის, „დღის თემის“ წამყვანის შეკითხვას, რატომ არ იყო საქართველო პრემიერის დონეზე წარმოდგენილი ვილნიუსში.

„მოცემულ შემთხვევაში არავითარი პროტოკოლური წესისგან გადახვევა ან დარღვევა არ გვაქვს და ჩვენმა ოპონენტებმა რაც არ უნდა ეცადონ, რომ ამის მიღმა რაღაც ქვეტექსტები დაანახონ საზოგადოებას, რეალურად, საამისოდ არავითარი მიზეზი არ არსებობს“, – განაცხადა სარჯველაძემ.

შეკითხვაზე, ცალსახად გამორიცხავს თუ არა ინფორმაციას, რომ საქართველოს პრემიერს ნატო-ს სამიტზე მიწვევაზე უარი უთხრეს, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რომ არავითარი საფუძველი არ აქვს, ამ ინფორმაციას ენდოს და, ამასთან, საამისო მიზეზი, უბრალოდ, არ არსებობს.

მიხეილ სარჯველაძემ ოპონენტთა განცხადებების თაობაზე, თითქოს ღარიბაშვილი უკრაინასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო არ მიიწვიეს, აღნიშნა, რომ ის, რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თქვა, აბსოლუტურად სწორი ანალიზი იყო და იმავეს ამბობს ევროპული სტრუქტურების არაერთი ძალიან მაღალი რანგის თანამდებობის პირი.

„უკრაინის და საქართველოს ნატო-ში და დასავლური ცივილიზაციისკენ სწრაფვის გამო ახორციელებს რუსეთი აგრესიას, საქართველოს მიმართ 2008 წელს და ახლა, მიმდინარე აგრესიას უკრაინაში. ამას როდესაც ვამბობთ, უნდა გვახსოვდეს, რომ იმავე განცხადებას აკეთებს ევროპული სტრუქტურების არაერთი ძალიან მაღალი რანგის თანამდებობის პირი. სტოლტენბერგი აკეთებს იმავე განცხადებას და არ მგონია, აქ რამე შესადავებელი იყოს“, – განაცხადა სარჯველაძემ.

მისი თქმით, საქართველო ვითარდება ევროკავშირის, ნატო-ს მიმართულებით, მაგრამ გასაგებია, რომ დღეს უკრაინას და საქართველოს იდენტურ მდგომარეობაში არავინ ჩააყენებდა იმის გათვალისწინებით, რა მდგომარეობაც ახლა არის უკრაინაში.

„ღმერთმა არ ქნას, საქართველოში როდისმე ტრიალებდეს ის, რაც ახლა უკრაინაში ტრიალებს. ღმერთმა დამიფაროს, ნიშნის მოგებით ვსაუბრობდე. უბრალოდ, გასაჭირი აქვს იმ ქვეყანას, უბედურება ტრიალებს და, რასაკვირველია, არავის არ უნდა უნდოდეს, საქართველოში იგივე უბედურება ტრიალებდეს. ამ უბედურების გათვალისწინებით არის ის, რომ უკრაინასთან მიმართებაში გაცილებით სხვაგვარი უნდა ყოფილიყო დამოკიდებულება და ჩვენი ოპონენტების მხრიდან ვინც ცდილობს, ჩვენი საზოგადოება დაარწმუნოს, თითქოს უკრაინამ რაღაც მეტ წარმატებას მიაღწია და საქართველოს ასეთი წარმატების მიზეზი ნაკლები აქვს, რასაკვირველია, ის არაკეთილსინდისიერია ასეთ ქცევაში და სარკეების გამრუდებას ცდილობს. გასაგები მიზეზი აქვს იმას, რომ უკრაინას, რასაკვირველია, რაღაცას უმარტივებენ. ეს აბსოლუტურად ნორმალურია, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანთან მიმართებაში, სამწუხაროდ, ვერც უკრაინასთან და ვერც საქართველოსთან მიმართებაში რამე კონკრეტული, ხელშესახები პროგრესი ვერ იქნა მიღებული. ეს უნდა ითქვას, ვინმეს კი არ ვამტყუნებ. გასამტყუნებლად არ ვამბობ“, – განაცხადა სარჯველაძემ.

როგორც სარჯველაძემ აღნიშნა, უკრაინას ნატო-ს წევრობისთვის დაუყენეს სამი წინაპირობა: კონკრეტული პარამეტრების დაკმაყოფილება; რუსეთთან ომში გამარჯვება და, რაც მთავარია, წევრი სახელმწიფოების შეთანხმება.

„როგორ ფიქრობთ, საქართველოს მეტი წინაპირობა აქვს? რა გზით მივა ამ შეთანხმებამდე, პირობების დაკმაყოფილებამდე, ამას მაპ-ი ერქმევა თუ არ ერქმევა, ეს ხომ არ არის მთავარი და ცენტრალური საკითხი? ცენტრალური საკითხი არის ეს სამი წინაპირობა: არ უნდა არსებობდეს ომის მდგომარეობა; უნდა იყოს სტანდარტებთან თავსებადი, და თავსებადობას რომელი სახელმწიფო რა გზით მიაღწევს და რა ვადაში, ეს არის მნიშვნელოვანი; ბოლოს, რა თქმა უნდა, სახელმწიფოთა შეთანხმებაა საჭირო“, – განაცხადა სარჯველაძემ.

თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, რატომ მიუთითებენ ცალკეული უცხოელი ანალიტიკოსები და ყოფილი ამერიკელი დიპლომატები, რომ საქართველო თითქოს პასიურობს და აღარ ცდილობს, იაქტიუროს ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რომ საქართველომ ყველაფერი გააკეთა რეფორმების გაძლიერების, უკრაინის მხარდაჭერის კუთხით და „ქართულმა ოცნებამ“ პროდასავლურობა და ნატო-სადმი კეთილგანწყობა მკაფიოდ ასახა კონსტიტუციაში დებულების ჩაწერით.

„ვის გაუკეთებია ასეთი რამ? ეს გააკეთა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ, არცთუ ისე დიდი ხნის წინ. ამ განწყობების ჩვენება ხომ მნიშვნელოვანია და ეს გავაკეთეთ, კონკრეტულ რეფორმებს ვახორციელებთ, სადღაც პირველ ადგილზე ვართ, სადღაც ევროკავშირის სახელმწიფოებს ვუსწრებთ კრიტერიუმების მიხედვით, სამხედრო თვალსაზრისით ნორმალური პარამეტრები გვაქვს და ა.შ. თითქოს არაფერი არ დაგვეწუნება, მაგრამ აქაც „თითქოს“, ეს რთული სიტყვა „თითქოს“ ყველაფერს აფუჭებს. რატომ ხდება ასე? არ მინდა, ამის ნამდვილობა დავიჯერო, მაგრამ ვაითუ აღმოჩნდეს ისე, რომ საქართველოში ოპოზიციური ძალების გამარჯვება ვიღაცისთვის დღეს უფრო მეტად პრიორიტეტულია, ვიდრე საქართველოს წინსვლა ნატო-ს მიმართულებით და ევროკავშირის მიმართულებით. ვაითუ, ამასთან გვაქვს საქმე. ღმერთმა არ ქნას, ეს ასე იყოს, მაგრამ, როგორც ჩანს, ასე გამოიყურება ყველაფერი, რაც სამწუხაროა“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.