მიხეილ სარჯველაძე - სანქციების გამოუყენებლობაზე საქართველოს საყვედურობენ მაშინ, როცა რუსეთიდან ევროპაში მიმავალი გაზის მაგისტრალი, რომელიც უკრაინის ტერიტორიაზე გადის, უწყვეტად მოქმედებს
მიხეილ სარჯველაძე - სანქციების გამოუყენებლობაზე საქართველოს საყვედურობენ მაშინ, როცა რუსეთიდან ევროპაში მიმავალი გაზის მაგისტრალი, რომელიც უკრაინის ტერიტორიაზე გადის, უწყვეტად მოქმედებს

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე ინტერესდება, რატომ გახდა საყვედურების ადრესატი მაინც და მაინც საქართველო მაშინ, როცა უფრო მეტი „სასაყვედურო“ შეიძლება, უკრაინას სხვა არაერთი სახელმწიფოს მიმართ ჰქონდეს.

ჟურნალისტებთან საუბარში მიხეილ სარჯველაძე საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევას გამოეხმაურა.

დეპუტატის თქმით, სანქციების გამოუყენებლობაზე საქართველოს ესაუბრებიან და საყვედურობენ მაშინ, როცა რუსეთიდან ევროპაში მიმავალი გაზის უზარმაზარი მაგისტრალი, რომლითაც მთელი ევროპა მარაგდება, უკრაინის ტერიტორიაზე გადის – დღემდე და უწყვეტად.

„არ მგონია, რაიმე იყოს ისეთი, რისი გაკეთების შესაძლებლობაც საქართველოს ჰქონდა და ამას შეიძლება, გამოეწვია უკრაინის მხარის მხრიდან პროტესტი, ეს ასე არ იყო. უკრაინის ელჩის გაწვევის მიზეზად სანქციები ან სამხედრო დახმარება დასახელდა, რაზეც მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობის და ხელისუფლების პოზიცია ცნობილია. საქართველო სამხედრო თვალსაზრისით საომარ მოქმედებებში ჩართვას და მეორე ფრონტების გახსნას გონივრულად არ მიიჩნევს. საუბედუროდ, საქართველოს სპეციფიკიდან, მასშტაბებიდან და სხვა ფაქტორებიდან გამომდინარე არავითარი ისეთი ეკონომიკური მექანიზმი არ გვაქვს, რითაც შესაძლებელი იქნებოდა ზემოქმედება საიმისოდ, რომ რუსეთს უფრო მეტად განეცადა ეკონომიკური ზიანი, ვიდრე ეს იქნებოდა ზიანის მომტანი საქართველოსთვის. არ მივიჩნევ, რომ გონივრული იქნებოდა ან სანქციების გაგრძელება სამხედრო დახმარებაზე. შეიძლება, უკრაინის ხელისუფლებაში ვინმეს მოლოდინი ჰქონდეს იმაზე, რომ საქართველო რაიმე ფორმით ვალდებულია, მეორე ფრონტი გახსნას. ამაზე ზოგი ღიად საუბრობს, ზოგი – არა. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი განცხადება უკრაინის ხელისუფლების მიმართ კრიტიკის ნიშნებისგან დაცლილია, რადგან ასეთი განწყობა არ მაქვს, გარკვეული ლოგიკური კითხვები არის ელჩის გაწვევაზე როგორც საქართველოში, ასევე უკრაინაში. მაგალითად, რატომ გახდა მაინც და მაინც საყვედურების ადრესატი საქართველო მაშინ, როცა უფრო მეტი „სასაყვედურო“ შეიძლება უკრაინას სხვა არაერთი სახელმწიფოს მიმართ ჰქონდეს. სანქციების გამოუყენებლობაზე საქართველოს ესაუბრებიან და საყვედურობენ მაშინ, როცა რუსეთიდან ევროპაში მიმავალი გაზის უზარმაზარი მაგისტრალი, რომლითაც მთელი ევროპა მარაგდება, უკრაინის ტერიტორიაზე გადის – დღემდე და უწყვეტად. არ ვამბობ, რომ ეს აუცილებლად უნდა შეწყდეს, მაგრამ როცა საქართველოს საყვედურს ეუბნებიან და სიფრთხილის გამოუჩენლობას სთხოვენ, თავად ყველა სიფრთხილით იქცევა, ეს სამართლიანი არ არის”, – განაცხადა სარჯველაძემ.