მიხეილ სარჯველაძე - საკითხების მოლაპარაკების გზით გადაჭრა ჩვენს დღის წესრიგში რჩება
მიხეილ სარჯველაძე - საკითხების მოლაპარაკების გზით გადაჭრა ჩვენს დღის წესრიგში რჩება

უმრავლესობის დეპუტატ მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, არჩევნების მომდევნო დღიდან დაწყებული „ქართული ოცნების“ მთავარი გზავნილი, მოლაპარაკებების გზით საკითხების გადაჭრაა. მისივე თქმით, საკითხების მოლაპარაკების გზით გადაჭრა დღის წესრიგში რჩება.

მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნული კომენტარით შეაფასა ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელ ჟიგიმანტას პავილიონისის განცხადება, სადაც ის აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენთონი ბლინკენს მოუწოდებს, ყურადღება დაუთმოს ნიკა მელიას წინააღმდეგ აგრესიულ და ავტოკრატიულ ტონს.

„შეფასება არასწორია, რომ შეიძლება „ქართული ოცნება“ აღმოჩნდეს კრიტიკის საგანი იმ თვალსაზრისით, რომ მოლაპარაკებებს რაიმე ფორმით ხელს არ უწყობდეს. პირიქით – მაგალითად, არჩევნების მომდევნო დღიდანვე მთავარი გზავნილი, რომელსაც ამ შემთხვევაში, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ამბობს, ეს არის მოლაპარაკებების გზით საკითხების გადაჭრა. ეს ჩვენს დღის წესრიგში პოლიტიკური პროცესების წარმართვის მთავარ საშუალებად რჩება. განსხვავებით გარკვეული ოპოზიციური ძალებისგან, რომელთაც მართლაც აქვთ სრულიად დესტრუქციული დღის წესრიგი და ამას საქართველოს მოსახლეობა ძალიან მკაფიოდ აღიქვამს. რეალურად, ყველა კონსტრუქციული შეთავაზება, რაც კი შეიძლება ყოფილიყო ნებისმიერი მიმართულებით პოლარიზაციის განმუხტვისთვის, „ქართული ოცნების“ მხრიდან გაკეთებულია და ჯერი ოპოზიციაზეა. მათ შორის არჩევნების შედეგების შემოწმებასთან დაკავშირებით, თუმცა ოპოზიციის დიდი ნაწილი ამ ინსტრუმენტთან დაკავშირებით სრულიად გაურკვეველი მიზეზებით, ინდიფერენტულ დამოკიდებულებას ინარჩუნებს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

შეგახსენებთ, ლიეტუვის სეიმის საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გუშინ საქართველოში შეხვედრები გამართა. ჟიგიმანტას პავილიონისი შეხვდა ოპოზიციის წარმომადგენლებს, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებს. შეხვედრის მონაწილეებმა საქართველოში მიმდინარე აქტუალურ პოლიტიკურ ვითარებაზე ერთმანეთს ხედვები გაუზიარეს.