მიხეილ სარჯველაძე - სახალხო დამცველი უნდა იყოს ნეიტრალური და მისთვის მთავარი უნდა იყოს პროფესიული მოვალეობის შესრულება
მიხეილ სარჯველაძე - სახალხო დამცველი უნდა იყოს ნეიტრალური და მისთვის მთავარი უნდა იყოს პროფესიული მოვალეობის შესრულება

ის, რომ ჩვენ ფავორიტი კანდიდატი გვყავდა, არის სრულიად კონსპირაციის თეორია, – ასე უპასუხა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემის „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ წამყვანის კითხვას, რას უპასუხებს ოპოზიციის განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ ხელისუფლებას სახალხო დამცველის კანდიდატებს შორის ფავორიტი კანდიდატი ჰყავდა.

„გულწრფელად რომ გითხრათ, არც მე და შეიძლება, არცერთ ჩვენს თანაგუნდელს არცერთი კანდიდატი არ მიგვაჩნია ისეთად, რომელიც შეიძლება, იდეალური ყოფილიყო ჩვენთვის. ჩვენ არ ვყოფილვართ ჩარეული არცერთი მათგანის არც დასახელებაში და არც კონკრეტული მხარდაჭერა არ იყო. სხვათა შორის, იყო მცდელობები და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია ახლაც ცდილობს, წარმოაჩინოს, თითქოს ის ხუთი კანდიდატი, რომლებიც შეთანხმების შესაძლებლობასთან დაკავშირებით გამოიკვეთნენ, იყო ჩვენი შეთავაზება, მაგრამ ეს ტყუილია“, – განაცხადა სარჯველაძემ.

მისი თქმით, პროცესი უფრო ადრე შეწყვეტისა და წარუმატებლობისგან ლევან იოსელიანმა გადაარჩინა, რომელმაც ყველა კანდიდატურა დაასახელა.

„დანარჩენი ოპოზიცია ამ საკითხების გადაწყვეტაში თავიდანვე რა ულტიმატუმითაც ჩაერთნენ, ბოლო დღემდე იმ ულტიმატუმით დარჩნენ, არცერთი ნაბიჯი უკან არ გადაუდგამთ“, – განაცხადა სარჯველაძემ.

სარჯველაძემ ასევე განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ ყველა კანდიდატს მოუსმინა, ყველასთან კითხვები დასვა და მისთვის მინიჭებული დრო სრულად გამოიყენა, რასაც ვერ იტყვის ოპოზიციასა და არასამთავრობო ორგანიზაციებზე, რომლებსაც, სამოქალაქო სექტორის მიერ წარდგენილი ორი კანდიდატის გარდა, სხვა კანდიდატების მოსმენით თავი არ შეუწუხებიათ.

„პირველ დღეს რომ იყვნენ არასამთავრობო ორგანიზაციები, იმის შემდეგ არ გამოჩენილან. ახლა რომ ვრცელდება განცხადებები, მაგალითად, საია ავრცელებს, რომ ისინი აკვირდებოდნენ პროცესს, რას აკვირდებოდნენ, როცა არ ყოფილან სხდომებზე?! კომიტეტის სხდომებს არ დასწრებიან და არ გასჩენიათ სურვილი, რომ სხვა კანდიდატებისთვის კითხვა მაინც დაესვათ“, – განაცხადა სარჯველაძემ.

როგორც პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, სახალხო დამცველი უნდა იყოს ნეიტრალური.

„ამბობდნენ, ტენდენციური კითხვები ისმებაო, მაგალითად, აბაშიძისა და ბურჯანაძის მიმართ და რა არის ტენდენციური? ჩვენ ამოცანად გვაქვს არა ისეთი კანდიდატის შერჩევა, ვინც არ მოსწონს ხელისუფლებას, როგორც ბატონი ვაშაძე იძახის. მაშინ, მაგ ლოგიკით სახალხო დამცველად უნდა ავირჩიოთ და დავარქვათ, რომ მიუკერძოებელია, მაგალითად, ლევან ხაბეიშვილი ან ნიკა მელია. ეს ხომ აბსურდი იქნება?! სახალხო დამცველი უნდა იყოს ნეიტრალური, ჰქონდეს შეხედულებები, მაგრამ ეს არ უნდა იყოს პრიორიტეტული შეხედულება. მისთვის მთავარი უნდა იყოს სხვა რამ, პროფესიული მოვალეობის შესრულება; შეიძლება, მიდიოდეს არჩევნებზე, ხმა აძლევდეს და გამოკვეთილი პოზიციაც ჰქონდეს, მაგრამ ამას თავშეკავებულად უნდა გამოხატავდეს და უნდა იყოს ნეიტრალური. რატომ? იმიტომ, რომ ჩემს ამომრჩეველსაც და სხვის ამომრჩეველსაც უნდა ჰქონდეს განცდა, რომ მას უფლებადამცველად ეგულებოდეს სახალხო დამცველი“, – განაცხადა სარჯველაძემ.

მისივე თქმით, ოთხმა კანდიდატმა მიიღო სულ შვიდი ხმა ან შვიდზე მეტი, სხვა – არცერთმა და უჭირს იმის წარმოდგენა, თუ როგორ შეიძლება, წარიმართოს თანამშრომლობა და კონსულტაცია ასეთი დესტრუქციული დამოკიდებულების ფონზე.

„გულწრფელად გითხრათ, ძალიან რთულად მესახება ეს, მიუხედავად იმისა, რომ ამ დრომდე ძალიან იმედიანად ვიყავი განწყობილი. მე არ მეგონა უბრალოდ, რომ ამას იზამდა ოპოზიცია და ჩააგდებდა ამ პროცესს. პროცესი ჩააგდეს მათ“, – განაცხადა სარჯველაძემ.

მაკა ცინცაძის კითხვაზე, რა შეიძლება, შეიცვალოს საგაზაფხულო სესიამდე და ეყოლება თუ არა გაზაფხულზე საკუთარი კანდიდატი ხელისუფლებას, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რომ ახლა ეს ძნელი სათქმელია და დასაფიქრებელია, თუმცა შეიძლება, მმართველმა გუნდმა ამაზე იფიქროს.