მიხეილ სარჯველაძე - საგამოძიებო კომისიის ინიციატივა უფრო მეტად მიანიშნებდა, რომ ახალი პოლიტიკური დებატებისთვის ხელოვნურად შეექმნათ ასპარეზი, დასამალი არავის არაფერი აქვს
მიხეილ სარჯველაძე - საგამოძიებო კომისიის ინიციატივა უფრო მეტად მიანიშნებდა, რომ ახალი პოლიტიკური დებატებისთვის ხელოვნურად შეექმნათ ასპარეზი, დასამალი არავის არაფერი აქვს

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის შეფასებით, შოვის სტიქიასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნა მართებული არ არის და ეს ინიციატივა უფრო ოპოზიციის მხრიდან ახალი პოლიტიკური დებატებისთვის ხელოვნურად ასპარეზის შექმნის მცდელობაა.

სარჯველაძის თქმით, პარლამენტში არსებობს სხვა ეფექტიანი ინსტრუმენტები გარკვეული კითხვების დასასმელად.

„ნებისმიერ კითხვასთან დაკავშირებით, რომელიც შეიძლება გაჩნდეს, ყველას თავისი სურვილისამებრ შეუძლია იმუშაოს. უბრალოდ, იმ ფონზე, როდესაც აშკარად ჩანს ამ ტრაგედიაზე ქულების დაწერის მოტივაცია, რომ რაღაცა ფორმით ოპოზიციაში მთავარ ამოცანად საკუთარი ვიწროპარტიული ინტერესების დაკმაყოფილების სურვილია, მთლად დამაჯერებლად არ გამოიყურებოდა საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით ინიციატივა. ეს ყველაფერი უფრო მეტად მიანიშნებდა იმაზე, რომ ახალი პოლიტიკური დებატებისთვის ხელოვნურად შეექმნათ ახალი ასპარეზები.

შეისმინეს, რომ სხვა არანაკლებ მნიშვნელოვანი, ეფექტიანი საზედამხევდელო ინსტრუმენტები არსებობს, მათ შორის, ეს შეიძლება იყოს ინტერპელაცია ან  სადეპუტატო კითხვა და სხვადასხვა. ყოველ შემთხვევაში, პარლამენტის რეგლამენტი იძლევა შესაძლებლობას, რომ თუ ვინმეს ჭეშმარიტება აინტერესებს, ეს არ დარჩეს ფარდის ქვეშ, ყველაფერი შეიძლება გაირკვეს და ყველა კითხვა დაისვას.

უმჯობესია, ჯერ ვთქვათ, რა კითხვებია, შემდეგ უნდა ვიმსჯელოთ, რომელი საპარლამენტო ზედამხედველობის მექანიზმი იქნება ყველაზე მეტად რელევანტური. პირადად მგონია, რომ ამ შემთხვევაში საგამოძიებო კომისიის შექმნა არ უნდა იყოს მართებული. ჯერ ვთქვათ კონკრეტული საკითხი, კონკრეტულად ინტერესის საგანი და ამის მიხედვით ვიმსჯელოთ, რა მასშტაბი სჭირდება აღნიშნულ კითხვებთან დაკავშირებით პასუხების მიღებას. ერთ-ერთი დაშვება, რომელსაც აყენებს ოპოზიცია, არის, რომ თვითონაც ვერ შეძლებენ ხმების მობილიზებას, ხელისუფლებას დააბრალებენ, თითქოს რამე დასამალი აქვს. არავის არაფერი დასამალი არ აქვს, უბრალოდ, საუბარია, საგამოძიებო თუ საზედამხედველო ინსტრუმენტების გამოყენებაა რელევანტური“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.