მიხეილ სარჯველაძე - საერთაშორისო-სამართლებრივი ინსტრუმენტების თვალსაზრისით საქართველო იყო სანიმუშოდ აქტიური უკრაინის მხარდასაჭერად
მიხეილ სარჯველაძე - საერთაშორისო-სამართლებრივი ინსტრუმენტების თვალსაზრისით საქართველო იყო სანიმუშოდ აქტიური უკრაინის მხარდასაჭერად

ვფიქრობ, პრემიერ-მიისტრისგან მნიშვნელოვანი განცხადებები გაკეთდა, მნიშვნელოვანია ალბათ, რომ გარკვეული პერიოდულობით ყველაფერს სიცხადე ეფინებოდეს, შესაბამისად, ვფიქრობ, სწორი ორიენტირები იყო, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

სარჯველაძის თქმით, კატარში გამართულ პანელურ დისკუსიაზე პრემიერმა კიდევ ერთხელ უთხრა საზოგადოებას, თუ რატომ ვერ შეძლებს საქართველო, სანქციები დაუწესოს რუსეთს.

„მგონი, ყველას გვახსოვს გარემოებები, რომლებიც ახლდა თან 2008 წლის მოვლენებს. ვფიქრობ, რომ ამ კუთხით შეფასებები, რომლებიც გაკეთებულია, სწორი დასკვნების შესაძლებლობას იძლევა. აიხსნა, რატომ ვერ შეძლებს საქართველო, რომ საკუთრივ სანქციები დაუწესოს რუსეთის ფედერაციას და რატომ იქნებოდა ეს გაუმართლებელი. რაც შეეხება საკითხს, რომ საერთაშორისო-სამართლებრივი ინსტრუმენტების თვალსაზრისით საქართველო იყო სანიმუშოდ აქტიური უკრაინის მხარდასაჭერად, ვფიქრობ, ეს აუცილებლად უნდა მიიღოს მხედველობაში, მათ შორის ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამაც, რომელსაც სხვადასხვაგვარ ინტერპრეტაციებს სთავაზობენ საქართველოს პოზიციებთან დაკავშირებით. ვფიქრობ, სწორი შეფასება გაკეთდა, რომ საქართველოს რაც ხელეწიფება, რითიც ხელეწიფება, რომ მხარი დაუჭიროს უკრაინას, ყველაფერს ამას აკეთებს. საქართველოს რომ არ ჰქონდეს განწყობა უკრაინის მხარდასაჭერად, ბუნებრივია, რომ მას ექნებოდა ბევრი მიზეზი, რის გამოც თავს შეიკავებდა საერთაშორისო პლატფორმაზე, რომ არ იქნებოდა თანაინიციატორი ან თანამონაწილე იმ პროცესისა, რომელიც წარიმართა საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმების სახით“, – განაცხადა სარჯველაძემ.