მიხეილ სარჯველაძე - საერთაშორისო მოწოდებები ყველაზე მეტად მიმართულია ოპოზიციის წარმომადგენლებისკენ, რომლებიც თვლიან, რომ უფლება აქვთ, სამართლისგან განსხვავებული მიდგომა მოითხოვონ
მიხეილ სარჯველაძე - საერთაშორისო მოწოდებები ყველაზე მეტად მიმართულია ოპოზიციის წარმომადგენლებისკენ, რომლებიც თვლიან, რომ უფლება აქვთ, სამართლისგან განსხვავებული მიდგომა მოითხოვონ

სამართლისა და მართლმსაჯულების პოლიტიკისგან დაცლასთან დაკავშირებით მოწოდებები ყველაზე მეტად მიემართება ოპოზიციის მიმართ, რომლებიც თვლიან, რომ ვინაიდან, არიან პოლიტიკური ისტებლიშმენტის ნაწილი, უფლება აქვთ, სამართლისგან განსხვავებული მიდგომა მოითხოვონ. ეს სწორი არ არის, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ ბოლოდროინდელ პოლიტიკურ მოვლენებზე საერთაშორისო გამოხმაურებების კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, სასამართლო არის ხელშეუხებელი და საქართველოში სამართალი უნდა ხორციელდებოდეს აბსოლუტურად ყოველგვარი დაბრკოლებების გარეშე.

„არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, იყოს დაშვებული პოლიტიკური მიზანშეწონილობით რაიმე ფორმით უპირატესობა სამართალთან მიმართებაში. არ მგონია, რომ საფუძველი არსებობს ხელახალი არჩევნების ჩატარების. ზუსტი მოცემულობაა – როცა წითელი ხაზები გაივლო ერთი და მეორე მხარის მხრიდან, თითქოს, გამორიცხავს შეთანხმების შესაძლებლობას. ამის მიუხედავად, შეთანხმება და დისკუსია არის დემოკრატიის მთავარი ატრიბუტები. სხვაგვარად, დემოკრატია ვერ ფუნქციონირებს და ამიტომ, მოვუწოდებდით სულ ოპოზიციას, რომ არ შეიძლება, დიალოგსა და შეთანხმებას ალტერნატივა ჰქონდეს. ფსევდო შეუპოვრობა, რომელსაც ოპოზიციის მხრიდან ვხედავდით, გამართლება არ აქვს. საერთო თემები უნდა ვიპოვოთ, რომელთა მიმართებაშიც შევძლებთ, რომ საერთო ხედვის წერტილები დავიჭიროთ. აქედან გამომდინარე, რიგ საკითხებზე გახდება შესაძლებელი შეთანხმება. ამაზე გავლენას იქონიებს რიგი ოპოზიციური ლიდერების განწყობა. თუ მათი განწყობაა ყველაფრის ხარჯზე, სახელმწიფოს ფუნქციონირების ხარჯზე მოიპოვონ ხელისუფლება, ეს არის მთავარი დამაბრკოლებელი ფაქტორი, რამაც შეიძლება, გავლენა იქონიოს ამ მოლაპარაკებების შედეგზე“, – განაცხადა სარჯველაძემ.