მიხეილ სარჯველაძე - საარჩევნო ბარიერის დაწევის საკითხი დღეს აქტუალური არ არის, ამ თემას უნდა დავუბრუნდეთ მაშინ, როდესაც საკითხი რადიკალიზაციის მიზნებისთვის არ იქნება გამოყენებული
მიხეილ სარჯველაძე - საარჩევნო ბარიერის დაწევის საკითხი დღეს აქტუალური არ არის, ამ თემას უნდა დავუბრუნდეთ მაშინ, როდესაც საკითხი რადიკალიზაციის მიზნებისთვის არ იქნება გამოყენებული

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, 5%-იანი საარჩევნო ბარიერის წინააღმდეგ ის პარტიები გამოდიან, რომელიც შეშფოთებული არიან, რომ მათი მთლიანი მხარდაჭერა 5%-ს არ აჭარბებს.

მისი თქმით, საარჩევნო ბარიერის დაწევის საკითხი დღეს აქტუალური არ არის და აღნიშნულ თემას უნდა მიუბრუნდნენ მაშინ, როცა საკითხი საზოგადოებაში რადიკალიზაციის მიზნებისთვის არ იქნება გამოყენებული.

„5%-იანი საარჩევნო ბარიერის წინააღმდეგ გამოდიან ის პარტიები, რომლებიც შეშფოთებული არიან, რომ, ჯამში, მათი მთლიანი მხარდაჭერა 5%-ს არ აჭარბებს. ეს ის მოცემულობაა, რასაც ანგარიში უნდა გაეწიოს და თავად ეს გარემოება მეტყველებს მათი არგუმენტების ავკარგიანობაზე. როდესაც საარჩევნო ბარიერის საკითხზე ვმსჯელობთ, მხედველობაში უნდა მივიღოთ ძალიან ბევრი გარემოება და არა კონკრეტული პარტიების ძალიან მწირი მხარდაჭერა საზოგადოებაში. იმ პარტიის გულისტკივილი გასაგებია, რომელსაც 1%-იანი მხარდაჭერა აქვს, რადგან მას პარლამენტში მოხვედრა უნდა და წინ ეღობება სამართლებრივი წესრიგი, ბარიერი და ა.შ. მაღალ ბარიერს თავისი დადებითი მხარეები აქვს. კონსტიტუციაში როდესაც ეს ნორმა ჩაიდო, გარკვეულ გათვლებს ეფუძნებოდა. ბარიერის დაწევის საკითხი დღეს აქტუალური არ არის და სჯობს, ამ თემას მოგვიანებით დავუბრუნდეთ, როდესაც საამისოდ უკეთესი პირობები იქნება. უკეთესობაში ერთადერთ რამეს ვგულისხმობ, როცა საკითხი საზოგადოებაში რადიკალიზაციის მიზნებისთვის არ იქნება გამოყენებული“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.