მიხეილ სარჯველაძე - სააკაშვილისთვის სასჯელის შეცვლის საკითხი არ დგას, არ შეიძლება, შიმშილობა პატიმრის გათავისუფლების მიზეზი გახდეს
მიხეილ სარჯველაძე - სააკაშვილისთვის სასჯელის შეცვლის საკითხი არ დგას, არ შეიძლება, შიმშილობა პატიმრის გათავისუფლების მიზეზი გახდეს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს საჭიროების შემთხვევაში, სათანადო სამედიცინო დახმარება გაეწევა.

„სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა განსაკუთრებული ყურადღების საგანია. სადაც სამედიცინო დახმარების აუცილებლობა არსებობს, განხორციელდება და არავის, არც ერთ მხარეს ამისთვის ხელის შეშლის უფლება არ აქვს, როგორიც არ უნდა იყოს ვინმეს მოტივაცია“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

რაც შეეხება საკითხს, რომ შესაძლოა, მიხეილ სააკაშვილის შიმშილობა მისი ციხიდან გათავისუფლების საფუძველი გახდეს, სარჯველაძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე მსგავსი ვითარება არ არის. როგორც სარჯველაძე აცხადებს, შიმშილობა არ შეიძლება პატიმრის გათავისუფლების მიზეზი გახდეს.

„ამ წუთისთვის ნამდვილად არ არის ისეთი მდგომარეობა, რომელიც შეიძლება გვაფიქრებინებდეს რაიმე ფორმით სასჯელის შეცვლაზე. ასე საკითხი ნამდვილად არ დგას. მისი უფლებაა, პროტესტი გამოხატოს, თუმცა უმჯობესია საუბარი იმის შესახებ, თუ რა არის პროტესტის მიზეზი. შიმშილობა არ შეიძლება პატიმრის გათავისუფლების მიზეზი და საფუძველი გახდეს. შესაძლოა, თვითონ ფიქრობს, რომ მისი უფლებრივი მდგომარეობა უნდა იყოს განსხვავებული, ვიდრე სტანდარტული შემთხვევაა, მაგრამ ასე არ არის. სამართალი პატიმარს პოლიტიკური წარსულის მიხედვით ვერ განასხვავებს. იმის მიუხედავად, როგორი მხეცურიც არ უნდა ყოფილიყო სააკაშვილის დროს მმართველობა, მოპყრობა სამართლიანი უნდა იყოს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ შიმშილობა პატიმრობის შეწყვეტის საფუძვლად ჩავთვალოთ“, – განაცხადა სარჯველაძემ.

კითხვაზე, როგორც ადამიანის უფლებების კომიტეტის თავმჯდომარე, ხომ არ აპირებს ციხეში სააკაშვილის მონახულებას, სარჯველაძემ აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე ვითარების ადგილზე განნობის საჭიროება არ არსებვბობს.

„ჩემი უფლებამოსილებები შეუზღუდავი ნამდვილად არ არის. ჩემი იქ შესვლის და ვითარების ადგილზე შესწავლის აუცილებლობა არ არსებობს, წინააღმდეგ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ამას გავაკეთებდი. ამ წუთას ვითარების ადგილზე გაცნობის რაიმე საჭიროება არ არსებობს. ვფლობ მიმდინარე ინფორმაციას, თუ როგორია მდგომარეობა პენიტენციურ დაწესებულებაში და პირადად მისვლის საჭიროება არ არსებობს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.