მიხეილ სარჯველაძე - სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების მოთხოვნას დიდად პერსპექტიულად არ მივიჩნევ, მაგრამ ეს მთლიანად სასამართლოს გადასაწყვეტია
მიხეილ სარჯველაძე - სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების მოთხოვნას დიდად პერსპექტიულად არ მივიჩნევ, მაგრამ ეს მთლიანად სასამართლოს გადასაწყვეტია

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, სისხლის სამართლის კანონმდებლობით, ისეთი შემთხვევები და ისეთი დაავადებები მოიაზრება სასჯელის გადავადებისა და გათავისუფლების მიზეზად, რომელიც შეუძლებელს ხდის სასჯელის აღსრულებას. სარჯველაძის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, საბედნიეროდ, ჯანმრთელობის კუთხით, დღეს ასეთი ვითარება არ არის.

სარჯველაძის თქმით, დიაგნოზები საყურადღებოა, რაც ნიშნავს, რომ ჯანდაცვის სერვისი უნდა იყოს სრულად ხელმისაწვდომი და მიწოდებული მაქსიმალურად ეფექტიანად.

მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების მოთხოვნას დიდად პერსპექტიულად არ მიიჩნევს, მაგრამ ამბობს, რომ ეს მთლიანად სასამართლოს გადასაწყვეტია.

„ეს საკითხი პოლიტიკური შეფასებების საგანი არ უნდა იყოს. უპირატესად, სამართლებრივად გადასაწყვეტი საკითხია. სამართლებრივ მხარეს რაც შეეხება, ამ თვალსაზრისითაც არსებობს გარკვეული ნიუანსები, რომლებსაც აუცილებლად უნდა მივაქციოთ ყურადღება, რათა სწორი შეხედულება ჩამოვიყალიბოთ. დიაგნოზებისა და დაავადებების სიმრავლე არ ნიშნავს, რომ ავტომატურად გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების მიზეზი არსებობს. ამას სჭირდება კარგად შეფასება. როდესაც სისხლის სამართლის მარეგულირებელი კანონმდებლობა ამ საკითხებს არეგულირებს, საუბარია გაცილებით მძიმე შემთხვევაზე და ისეთ შემთხვევებზე, რომლებიც, საბედნიეროდ, განსხვავდება იმისგან, რაც ახლა გვაქვს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. ამ მოთხოვნის წამოყენებას მე დიდად პერსპექტიულად არ მივიჩნევ, მაგრამ ეს მთლიანად სასამართლოს გადასაწყვეტია. პატიმარ სააკაშვილთან მიმართებაში მდგომარეობა ნამდვილად არ არის ისეთი, რომელიც განგაშის საფუძველს ქმნის. საყურადღებოა ეს დიაგნოზები. ეს ნიშნავს, რომ ჯანდაცვის სერვისი უნდა იყოს სრულად ხელმისაწვდომი და მიწოდებული მაქსიმალურად ეფექტიანად, მაგრამ არ ნიშნავს, რომ დღეს სახეზე გვაქვს ვითარება, როდესაც აუცილებელია სასჯელის გადავადება ან სასჯელისგან გათავისუფლება. სისხლის სამართლის კანონმდებლობით, ისეთი შემთხვევები და ისეთი დაავადებები მოიაზრება გადავადებისა და გათავისუფლების მიზეზად, რომელიც შეუძლებელს ხდის სასჯელის აღსრულებას. ასეთი ვითარება, საბედნიეროდ, დღეს ნამდვილად არ გვაქვს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ამასთან, შეკითხვაზე საპასუხოდ მიხეილ სარჯველაძე აღნიშნავს, რომ მისი მხრიდან სააკაშვილის მონახულება ამ შემთხვევაში გააზრებული და ლოგიკური ნაბიჯი არ ჰგონია.

„პოლიტიკური ოპონენტის მხრიდან იყო რამდენიმე ასეთი მცდელობა, მაგრამ იმ ფონზე, როდესაც ნამდვილად არ მაქვს კვალიფიკაცია, სამედიცინო დიაგნოზები ვაკეთო, ასეთ დროს მხოლოდ პოლიტიკური დატვირთვა თუ შეიძლება, ჰქონდეს. თუ ვინმე შეძლებს თქმას, რომ ჩემი იქ მისვლა და პოლიტიკური კამათის რისკი დადებითად აისახება პაციენტის ჯანმრთელობაზე, არც ამის პრობლემაა. მაგრამ არ მგონია, ამ შემთხვევაში ეს გააზრებული და ლოგიკური ნაბიჯი იყოს. პოლიტიკური ქულების დასაწერად თუ ვინმესთან საკეკლუცოდ იქ სიარული ჩემი მიზანი და ამოცანა ნამდვილად არ არის“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.