მიხეილ სარჯველაძე - რუსეთს არ აქვს არავითარი უფლება, გადაწყვიტოს, როგორი მომავალი სურს ქართველ ხალხს საქართველოსთვის
მიხეილ სარჯველაძე - რუსეთს არ აქვს არავითარი უფლება, გადაწყვიტოს, როგორი მომავალი სურს ქართველ ხალხს საქართველოსთვის

რუსეთს არავითარი უფლება არ აქვს, საქართველოს ან ქართველი ხალხის ნაცვლად გადაწყვიტოს, როგორი მომავალი სურს ქართველ ხალხს საქართველოსთვის, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მიუღებელია პოზიცია და დამოკიდებულება, რომელიც რუსეთს აქვს არჩეული.

„ნატოს-თან დაკავშირებით საქართველოს კონსტიტუციაშია ჩაწერილი. ამაზე მეტად კონკრეტული და ცხადი ჩანაწერი ვერ იარსებებს. ეს იცის ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორმა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმაც, როდესაც ასეთ სერიოზულ განწყობას ხედავს ხელოსუფლების მხრიდან, რომელიც ამ ყველაფერს კონსტიტუციაში წერს. ასეთ პირობებში ეჭვი არ გაუჩნდება. რაც შეეხება ჩართულობას, ბუნებრივია, არის აქტიური თანამშრომლობა სტრატეგიულ პარტნიორებთა. ისეთი, რომელიც დამახასიათებელია სწორედ სტრატეგიული პარტნიორობისთვის. მე აბსოლუტურად ვეთანხმები ამერიკის შეერთებული შტატების პოზიციას და ბუნებრივია, მიუღებლად მიმაჩნია პოზიცია და დამოკიდებულება, რომელიც აქვს რუსეთის ფედერაციას არჩეული. რუსეთს არავითარი უფლება არ აქვს, საქართველოს ან ქართველი ხალხის ნაცვლად გადაწყვიტოს, როგორი მომავალი სურს ქართველ ხალხს საქართველოსთვის. რუსეთის მხრიდან მიუღებელია, როდესაც ისინი განსაზღვრავენ საქართველოს შემდგომი განვითარების ბედს და ამაზე მსჯელობენ. საქართველოს ბედის განსაზღვრის უფლება მათთვის ქართველ ხალხს არ მიუნიჭებია. მათი პოზიცია არის მცდარი და საერთაშორისო ნორმებთან შეუსაბამო. რუსეთის პოზიცია კარგი რომ არ არის, ყველა ვხვდებით. მოცემულობის სირთულესაც ზუსტად ეს განაპირობებს, რომ რუსეთი აძლევს თავს უფლებას, სხვა ერის ბედზე ისაუბროს ამ ერის თანხმობის გარეშე, ეს უკვე საფრთხეა“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა ჟენევაში რუსეთისა და აშშ-ის მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ განაცხადა: „ჩვენ გვინდა გავიგოთ მადრიდის სამიტზე, რომ საქართველო და უკრაინა არასდროს გახდებიან ნატო-ს წევრები. ჩვენ ხაზი გავუსვით, რომ რუსეთისთვის აუცილებელია, უკრაინა არასდროს გახდეს ნატო-ს წევრი“.

ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე უენდი შემანმა განაცხადა, რომ „არ დაუშვებენ, ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა ვინმემ დახუროს“.

დატოვე კომენტარი