მიხეილ სარჯველაძე - რუსეთის მხრიდან დესტრუქციული გადაწყვეტილებები მოსალოდნელია, მაგრამ არ მგონია, ამას დიდი პერსპექტივები ჰქონდეს
მიხეილ სარჯველაძე - რუსეთის მხრიდან დესტრუქციული გადაწყვეტილებები მოსალოდნელია, მაგრამ არ მგონია, ამას დიდი პერსპექტივები ჰქონდეს

ყველა ის შესაძლებლობა და უკეთესი ცხოვრების პირობა, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ აფხაზ და ოს თანამოძმეებს, გამაღიზიანებელია რუსეთისთვის და ალბათ, ამ თვალსაზრისით მათი რეაქცია მცდარი, მაგრამ ლოგიკურია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, ამის განხილვა შეიძლება როგორც დასტური იმისა, რომ საქართველო რეალურად სწორად ვითარდება და პოლიტიკა, რომელიც დეოკუპაციის მიმართულებით იგეგმება და ის ნაბიჯები, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება დგამს, მართებულია.

„რუსეთის ფედერაციის მხრიდან ასეთი დესტრუქციული გადაწყვეტილებები მოსალოდნელია, მაგრამ არ მგონია, ამას მაინც და მაინც დიდი პერსპექტივები ჰქონდეს, რადგან ადრე თუ გვიან ოკუპაცია ყველა შემთხვევაში, გარდაუვლად დასრულდება“, – განაცხადა სარჯველაძემ.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ე.წ. სამხრეთ ოსეთთან ორმაგი მოქალაქეობისა და რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებული წესით მიღების შესახებ შეთანხმების პროექტს მხარი დაუჭირა. ამის შესახებ სამართლებრივი ინფორმაციის პორტალზე გამოქვეყნებულ განკარგულებაშია ნათქვამი.

ამასთან, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ რუსეთის პრეზიდენტის მიერ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმთან „ორმაგი მოქალაქეობისა და რუსეთის მოქალაქეობის მიღების გამარტივებული პროცედურის შესახებ“ ე.წ. შეთანხმების დამტკიცება უკანონო ოკუპაციის გაგრძელებაა