მიხეილ სარჯველაძე - როგორც ჩანს, პრეზიდენტს გარკვეულ საკითხებზე განსხვავებული მოსაზრებები და მოლოდინებიც აქვს, თუმცა მას ასეთ შეფასებაში არ დავეთანხმებოდი
მიხეილ სარჯველაძე - როგორც ჩანს, პრეზიდენტს გარკვეულ საკითხებზე განსხვავებული მოსაზრებები და მოლოდინებიც აქვს, თუმცა მას ასეთ შეფასებაში არ დავეთანხმებოდი

როგორც ჩანს, პრეზიდენტს გარკვეულ საკითხებზე განსხვავებული მოსაზრებები და მოლოდინებიც აქვს, თუმცა მას ასეთ შეფასებაში არ დავეთანხმებოდი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, პრეზიდენტის შეფასება იმის თაობაზე, თითქოს არსებობდა საჭიროება სესხის, ბევრად სხვა არგუმენტაციაზე დაყრდნობას საჭიროებდა და ამ არგუმენტაციის მხედველობაში მიღებით სხვა შეფასებების წინაპირობები არსებობს.

„შესაბამისად, ხელისუფლების მიმართ გამოთქმულ კრიტიკულ შეფასებებს არ ვეთანხმები. გამოსვლაში გარკვეული ნაწილები იყო, რაც შეიძლება გაზიარებადი იყოს, მათ შორის ოპოზიცის მიმართ კრიტიკა, რადგან ჩვენს მოსაზრებას ემთხვევა, მაგრამ ხელისუფლების მიმართ კრიტიკას არ ვეთანხმები. კრიტიკა საგნობრივი უნდა იყოს. როცა კრიტიკული შეფასება კეთდება, მისი შინაარსი უნდა გავარკვიოთ. თუ კრიტიკა დამსახურებულია, მიღებული იქნება, მაგრამ ახლა ნამდვილად ვერ დავეთანხმები, რომ ამ შემთხვევაში კრიტიკა დამსახურებულია ხელისუფლების მიმართ. არ მგონია, ვითარება ისეთი იყოს, რომ ვინმეს ასე ხელაღებით შეუძლია თქვას, რომ სესხი ქვეყნისთვის აუცილებელი იყო, ეს არ იყო წინაპირობა“, – განაცხადა სარჯველაძემ.

საქართველოს პრეზიდენტმა ევროკავშირის სესხზე უარის თქმის შესახებ გუშინ ბრიფინგი გამართა. მისი განცხადებით, სესხზე გაცხადებული უარი მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის და პირადად მისთვის საკმაოდ გაუგებარი ნაბიჯია. როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, გაუგებარია, რა განაპირობებს, რომ დღეს საკუთარი მოქალაქეების კრიზისულ მდგომარეობაზე მეტად საერთაშორისო ვალის შემცირება გახდა პრიორიტეტული. ამასთან, სალომე ზურაბიშვილის განმარტებით, როდესაც მოქალაქეებს ჰპირდებიან „მეტ ევროპას საქართველოში და მეტ საქართველოს ევროპაში“, ევროპელ პარტნიორებს კი 2024 წლისთვის კანდიდატურის განაცხადის შეტანას, ამ მიზნების მისაღწევად აუცილებელია პარტნიორების სრული ნდობის შენარჩუნება.

გარდა ამისა, სალომე ზურაბიშვილის თქმით, „ყველაფერს იღონებს, რომ არავინ, არც ხელისუფლებამ, დაუფიქრებელი ნაბიჯებით და არც დესტრუქციულმა ოპოზიციამ, რომელიც დღეს თავხედურად ხელს აწერს დოკუმენტს, რომელსაც ექვსი თვე ძირს უთხრიდა, ვერ შეძლოს ქვეყნის სტრატეგიული ინტერესების საფრთხის ქვეშ დაყენება“.