მიხეილ სარჯველაძე - როცა ასეთი მძიმე მემკვიდრეობის პოლიტიკური გუნდი, როგორიც „ნაციონალური მოძრაობაა“, აცხადებს პრეტენზიას, დაბრუნდეს ხელისუფლებაში სხვა სახელწოდებით, მიუღებელია
მიხეილ სარჯველაძე - როცა ასეთი მძიმე მემკვიდრეობის პოლიტიკური გუნდი, როგორიც „ნაციონალური მოძრაობაა“, აცხადებს პრეტენზიას, დაბრუნდეს ხელისუფლებაში სხვა სახელწოდებით, მიუღებელია

გასაგებია, რომ არის ხალხი ოპოზიციაში, ვისაც აქვს დაუოკებელი წყურვილი ხელისუფლებაში მოსვლის, ეს თავისთავად ბუნებრივი იქნებოდა, რომ არა ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, ამ ხალხისთვის ხელისუფლებაში მოსვლის ამოცანა უფრო დიდი ღირებულებაა, ვიდრე საქართველოს, ამ ქვეყნის ამომრჩევლის ინტერესი, ეს არის ყველაზე მეტად დასანანი და ცუდად აღქმული საზოგადოების მხრიდან, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისი თქმით, როდესაც ასეთი მძიმე პოლიტიკური მემკვიდრეობის მქონე პოლიტიკური გუნდი, როგორიც „ნაციონალური მოძრაობაა“, აცხადებს პრეტენზიას, რომ ხელმეორედ დაბრუნდეს ხელისუფლებაში სხვა სახელწოდებით, ეს არის კატეგორიულად მიუღებელი.

„დაუშვებელია ყველასთვის, ვისაც ახსოვს, რა იყო საქართველოში 2012 წლამდე. აქედან გამომდინარე ნათელია, რომ არავითარი დისტანცირების რეალური პერსპექტივა ამ ხალხს არ გააჩნია. სულაც რომ 2012 წელს შეეცვალა „ნაციონალურ მოძრაობას“ სახელწოდება, ეს რა, იმის მანიშნებელი იქნებოდა, რომ ის „ნაციონალური მოძრაობა“ აღარ არის და აღარ არის პასუხისმგებელი იმ დატრიალებულ ამბებზე? როგორ გეკადრებათ“, – განაცხადა სარჯველაძე.