მიხეილ სარჯველაძე - პროევროპულობაზე თავისდამდები პოლიტიკოსები უერთდებიან „დროას“, რომლის ლიდერს საზოგადოებისთვის არ უთქვამს, რატომაა დაკავშირებული თავისი ოჯახი რუსეთის ბიუჯეტთან
მიხეილ სარჯველაძე - პროევროპულობაზე თავისდამდები პოლიტიკოსები უერთდებიან „დროას“, რომლის ლიდერს საზოგადოებისთვის არ უთქვამს, რატომაა დაკავშირებული თავისი ოჯახი რუსეთის ბიუჯეტთან

ამ გაერთიანებით ოპოზიციას არც არაფერი მოემატება და არც არაფერი დააკლდება, პოლიტიკაზე და ზოგადად ძალთა გადანაწილებაზე გავლენას ვერ იქონიებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ გიორგი ვაშაძესთან, ელენე ხოშტარიასა და ზურაბ ჯაფარიძესთან დაკავშირებით განაცხადა.

სარჯველაძის თქმით, აღნიშნული ოპოზიციონერები საკუთარ თავზე დიდი შეხედულების არიან და მიაჩნიათ, რომ ტექტონიკური ძვრების მოხდენა შეუძლიათ, სინამდვილეში კი, ამის არავითარი რესურსი და პოტენციალი არ აქვთ.

„მაგალითად, ბატონი ვაშაძე, რომელიც ცდილობს, საზოგადოება დაარწმუნოს, თითქოს როგორი კონსტრუქციულია, პროევროპულია და როგორ ცდილობს, ქვეყანას ხელი შეუწყოს 12 რეკომენდაციის შესრულებაში. ეს ადამიანები არიან ისინი, რომლებიც ახლა ძალიან აქტიურად საუბრობენ პოლარიზაციის გაღრმავებაზე და პროცესების რადიკალიზაციაზე. თქვენთვის მომინდვია, შეაფასოთ, რამდენად თავსებადია ეს 12 პუნქტის შესრულებასთან. ასევე, არანაკლებ მნიშვნელოვანია, ბატონი ვაშაძე ერთიანდება იმ გუნდთან, რომლის მსოფლმხედველობა მდგომარეობს საბოტაჟში, საყოველთაო დაუმორჩილებლობასა და ანარქიის ქადაგებაში. ამ ფონზეც გასაგებია, რომ ეს არის წმინდა მერკანტილური მოტივებით გაერთიანება და არამც და არამც არ შეიძლება, საფუძვლად ჰქონდეს რაიმე მსოფლმხედველობრივი, იდეური ერთიანობა. არანაკლებ საყურადღებოა, რომ პროევროპულობაზე თავისდამდები პოლიტიკოსები უერთდებიან მაგალითად, „დროას“, რომლის ლიდერიც ჯერ კიდევ იმ მდგომარეობაში იმყოფება, როდესაც საზოგადოებისთვის არაფერი ინფორმაცია არ მიუწოდებია, რატომ და როგორ არის დაკავშირებული თავისი ოჯახი რუსეთის ფედერაციის ბიუჯეტთან. ეს ყველაფერი არათუ კითხვებს ბადებს, არამედ განაპირობებს ძალიან დიდ უკმაყოფილებას საზოგადოების მხრიდან, უნდობლობას ასეთი პოლიტიკური ძალების მიმართ, რაც საბოლოო ჯამში უარყოფითად აისახება არჩევნებისთვის ოპოზიციურ პოტენციალზე. შემდეგ წააგებენ არჩევნებს და უკვირთ, ამას სხვას აბრალებენ. სინამდვილეში, მათი წაგების მიზეზი არის ასეთი გაუთვლელი, არასწორი და ალოგიკური გადაწყვეტილებები, რომლისადმი სანდოობაც მოსახლეობაში პრაქტიკულად ნულოვანია“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.