მიხეილ სარჯველაძე - პრეზიდენტს არ დაუსახელებია პარტია და შესაძლოა, გულისხმობდა „ნაციონალურ მოძრაობას“, რომელიმე სხვა ოპოზიციურ პარტიას თუ გულისხმობს, არ ვიცი
მიხეილ სარჯველაძე - პრეზიდენტს არ დაუსახელებია პარტია და შესაძლოა, გულისხმობდა „ნაციონალურ მოძრაობას“, რომელიმე სხვა ოპოზიციურ პარტიას თუ გულისხმობს, არ ვიცი

წავიკითხე პრეზიდენტის განცხადება, მას არ დაუსახელებია პოლიტიკური პარტია და შესაძლოა, გულისხმობდა „ნაციონალურ მოძრაობას“, სხვას თუ ვინმეს გულისხმობდა, რომელიმე ოპოზიციურ პარტიას, სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მიხეილ სარჯველაძემ კომენტარი გააკეთა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე, სადაც მან აღნიშნა: „ანტიკონსტიტუციურად უნდა გამოცხადდეს და აიკრძალოს ყველა იმ პარტიის საქმიანობა, რომელიც ეწინააღმდეგება კონსტიტუციის პრინციპებს, ქვეყნისა და მოსახლეობის არჩეულ გზას“.

მისივე თქმით, პრეზიდენტის უფლებაა, ჰქონდეს შეხედულება, რომელიც არ ნიშნავს ყოველთვის იმას, რომ ის აუცილებლად მართებულია ან მცდარია.

კითხვაზე, ფიქრობთ, რომ ის განცხადება შეიძლება, ოპოზიციის მიმართ ყოფილიყო გაკეთებული, სარჯველაძემ აღნიშნა: „გამიჭირდება თქმა, არ უთქვამს, ვის გულისხმობდა და გაუგებარია, მაგრამ თუ ფიქრობდა და ჩანაფიქრი ის ჰქონდა, რომ ეს კრიტიკული განცხადება ყოფილიყო ხელისუფლების მიმართ, მგონია, ობიექტურად არავითარი მიზეზი და საფუძველი პრეზიდენტს ამისთვის არ გააჩნია. ხელისუფლება და სახელისუფლებო პარტია მომხრე ვართ საკითხზე დისკუსიის, მსჯელობის, განხილვის და არა აპრიორი გადაწყვეტილებების მიღების. როგორ შეიძლება, ამის საწინააღმდეგო ვინმეს რამე ჰქონდეს“, – განაცხადა სარჯველაძემ.