მიხეილ სარჯველაძე - რაც უფრო მეტ შედეგს მიაღწევს პირველადი ჯანდაცვის რგოლის კონკრეტული ექიმი ან კლინიკა, მზარდი იქნება დაფინანსებაც, ეს საჭიროა, რათა ფუნქციურად ეფექტის მომტანი იყოს ექიმების საქმიანობა
ძალიან მნიშვნელოვანია, ითქვას, რომ პირველად ჯანდაცვაში ზოგადად იზრდება დაფინანსების მოცულობა, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„გაკეთდა გარკვეული გათვლები საერთაშორისო დონის სპეციალისტების ჩართულობით და დადგენილი იქნა, რომ, მაგალითად, ნულიდან 5 წლამდე ბავშვისთვის ან ასაკიანი პაციენტისთვის გაცილებით სხვა ინტენსივობის მოვლა, სამკურნალო რჩევების მიცემაა აუცილებელი და ეს განსხვავდება იმისგან, რაც შეიძლება, მაგალითად, ჩემი ასაკის კაცს სჭირდებოდეს ან, ვთქვათ, შეიძლება, გარკვეული მოწყვლადობის მიხედვით სხვადასხვა სიმძიმე ჰქონდეს კონკრეტული პაციენტის ყოლას ექიმისთვის. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვფიქრობთ, რომ სამართლიანი იქნება არა ამ რიცხვების განზოგადება და ყველაზე საერთო რიცხვის გამოყვანა, არამედ მას, ვისაც განსაკუთრებული ყურადღება და მეტად ინტენსიური ვიზიტები ან, ზოგადად, ყურადღება სჭირდება, ამ შემთხვევაში დაფინანსებაც იყოს რელევანტური, თუმცა დაფინანსების თემა ამით არ მთავრდება. აქ ძალიან მნიშვნელოვანია, ითქვას, რომ ზოგადად იზრდება დაფინანსების მოცულობა, ანუ თუ, ვთქვათ, ზოგიერთ ასაკობრივ ჯგუფში, შეიძლება, დღევანდელ მოცულობასთან შედარებით ნაკლების გადახდა ხორციელდებოდეს, ძირითადად, ჯამურად მთლიანი რიცხვი იზრდება და თითქმის გაორმაგებული იქნება ღირებულება პირველად ჯანდაცვაში კონკრეტული პაციენტების მომსახურებისთვის“, – განაცხადა სარჯველაძემ.
მისი თქმით, ეს, ამავდროულად, ამბიციური განაცხადია სახელმწიფოს მხრიდან.
„ჩვენ დავიწყეთ ფიქრი იმაზე, რომ ეს ყოფილიყო არა უბრალოდ დაფინანსების გაზრდა და ა.შ. არამედ საპასუხოდ, იმავე ოჯახის ექიმებისგან, პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმებისგან, კლინიკებისგან ჩვენ უნდა მოვითხოვოთ კონკრეტული შესრულებაც. ამით კონკრეტული სტიმულირებაც მოხდება, რომ რაც შეიძლება უკეთეს ეფექტზე იყოს ორიენტირებული და ექიმების საქმიანობა იყოს შედეგზე ორიენტირებული“, – განაცხადა სარჯველაძემ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა იცვლება მედპერსონალისთვის ანაზღაურების მხრივ, ექნებათ თუ არა მათ ფინანსური ინტერესი და როგორ აისახება ცვლილება ანაზღაურების კუთხით, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რომ რაც მეტად ჯანმრთელი იქნება საზოგადოება, მით მეტ ანაზღაურებას მიიღებს ექიმი, რომელსაც აქვს პასუხისმგებლობა პაციენტების ამ კონკრეტულ ჯგუფზე.
„ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს არ არის, ასე ვთქვათ, სტაბილურად მორგებული როლები ჯანდაცვაში. ყველაფერს აქვს თავის შედეგზე ორიენტირების საჭიროება. პირველადი ჯანდაცვის რგოლმა, მაგალითად, გაცილებით მეტ ადამიანს უნდა აარიდოს თავიდან ჯანმრთელობის შესაძლო გართულებები, სწორი რჩევები მისცეს, ვაქცინაციის მაჩვენებელი გაზარდოს და ა.შ. ამაზე იქნება დამოკიდებული, მათ შორის, დაფინანსების მოცულობა. აქ გვაქვს გათვალისწინებული ე.წ. რეზულტატებზე დაფუძნებული დაფინანსების მოდელები, რომლის მიხედვითაც, რაც უფრო უკეთესი იქნება შესრულება, რაც უფრო მეტ შედეგს მიაღწევს კონკრეტული ექიმი ან კონკრეტული კლინიკა, ამ შემთხვევაშიც, ბუნებრივია, მზარდი იქნება დაფინანსებაც. ეს გვჭირდება იმისთვის, რომ ფუნქციურად ეფექტის მომტანი იყოს რეალურად ამ ექიმების საქმიანობა. ანუ, ის ფორმალურად კი არ ასრულებდეს თავის ფუნქციას, არამედ კონკრეტულ შედეგზე იყოს ორიენტირებული, რაც გულისხმობს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მაჩვენებლების რაც შეიძლება მეტად გაზრდას. რაც მეტად ჯანმრთელი იქნება საზოგადოება, მით მეტ ანაზღაურებას მიიღებს ექიმი, რომელსაც აქვს პასუხისმგებლობა პაციენტების ამ კონკრეტულ ჯგუფზე“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.