მიხეილ სარჯველაძე - პარლამენტში ოპოზიციის გარეშე დრო იკარგება
მიხეილ სარჯველაძე - პარლამენტში ოპოზიციის გარეშე დრო იკარგება

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ ვადამდელი არჩევნების დანიშვნა გამორიცხულია და ამ თემაზე კომპრომისის გაკეთება დაუშვებელია.

როგორც ჟურნალისტებს სარჯველაძემ განუცხადა, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, თუ ოპოზიცია შეძლებს, არჩევნების გაყალბებაზე საკუთარი პრეტენზია დაასაბუთოს.

„ჩემთვის მიუღებელია პლებისციტის ინიციატივა, რადგან ეს სწორი არ არის და უარსაყოფია. საარჩევნო რეფორმაზე გარკვეული შეთანხმება შესაძლებელია და მზადყოფნა გვაქვს, რომ ამ თემაზე კონსულტაციები გაგრძელდეს. თუ შეთანხმება მოხდება საარჩევნო კოდექსის სრულყოფაზე, ეს წინგადადგმული ნაბიჯი იქნება. ღრმად მწამს, რომ ოპოზიციაში გამოინახებიან ძალები, ვისთანაც შეთანხმება შესაძლებელი იქნება. ამას მაფიქრებინებს ის, რომ ოპოზიციაში სხვადასხვა მოტივაციაა და გვჯერა, რომ ოპოზიციაში კეთილსინდისიერი და გულწრფელი პოლიტიკოსები არიან, ვისთანაც შეთანხმება შესაძლებელი იქნება. მოლაპარაკებებს რატომ უწესებენ ფარგალს დროში, ეს ჩემთვის გაუგებარია. რაც უფრო სწრაფად მოხდება მოლაპარაკებების შედეგით დასრულება, მით უფრო კარგია, რადგან ეს მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. პარლამენტში ოპოზიციის გარეშე დრო იკარგება. მათი მონაწილეობა მნიშვნელოვანია განხილვებში. რამდენიმე პროექტი მივიღეთ და მასში ოპოზიციის ჩართულობა კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას გამოაჩენდა, რომ დოკუმენტი გაცილებით მაღალი ხარისხის ყოფილიყო, მათ შორის – საგარეო პრიორიტეტების რეზოლუცია და „ამნისტიის შესახებ“ კანონი“, – განაცხადა სარჯველაძემ.